მმართველ პარტიასთან დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფოსგან მსხვილ კონტრაქტებს იღებენ – TI

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ იმ კომპანიების სიას ავრცელებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირებთან არის დაკავშირებული და რეგიონებში სახელმწიფოსგან მსხვილ კონტრაქტებს იღებენ.
ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დოკუმენტში – „კორუფციის რუკა“ – თავმოყრილია ის საეჭვო ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები, რომლებსაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” იკვლევდა სხვადასხვა დროს და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს ოფიციალურად მიმართავდა რეაგირებისთვის იმ სავარაუდო კორუფციის ფაქტებზე, რომლებიც ამ შესყიდვებში იკვეთებოდა.
ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს რეგიონებში სულ უფრო იმატებს კორუფციის სავარაუდო შემთხვევები. თანამდებობის პირებთან და სახელმწიფო შემსყიდველებისგან.
ამავე ცნობით, აღნიშნულმა კომპანიებმა ბოლო 10 წელში ჯამში 2 მილიარდ 150 მილიონ ლარამდე მიიღეს:
აჭარა – 736 469 823 ლარი
კახეთი – 421 000 000 ლარი
სამცხე-ჯავახეთი – 409 441 633 ლარი
შიდა ქართლი – 353 199 362 ლარი
იმერეთი – 131 994 071 ლარი
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 96 703 744 ლარი
· აჭარის მაღალმთიანეთის მაჟორიტარის, ანზორ ბოლქვაძის ნათესავების კომპანიებმა 2016-2023 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან ჯამში 16 520 805 ლარი მიიღო.
ბოლოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ანზორ ბოლქვაძესთან დაკავშირებული 4 კომპანიის – შპს “გიგა-2015”-ს, შპს “აისის”, შპს ‘ქედეს” და შპს “როდას” სახელმწიფო შესყიდვებზე 2020 წელს წერდა. მას შემდეგ შესყიდვებით მიღებული შემოსავალი 6 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა.
· ს საკრებულოს ყოფილ წევრთან, ირაკლი თოფურიძესთან დაკავშირებული კომპანიები – „აჭარგანათება” და „განათება” უკონკურენტოდ იგებენ ტენდერებს აჭარის მუნიციპალიტეტებში – კომპანიებმა 79 627 110 ლარი მიიღეს.
„აჭარგანათების” 100% წილს სრულად ფლობს „ქართული ოცნებიდან” ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ირაკლი თოფურიძის დედა, ზოია დოლიძე. ეს კომპანია დააფუძნა ირაკლი თოფურიძის მამა, თამაზ თოფურიძემ, რომელიც ასევე იყო ბათუმის საკრებულოს წევრი 2010-14 წლებში. დღეს კომპანიის წილები სრულად გამოისყიდა ოჯახმა და მას ხელმძღვანელობს ირაკლი თოფურიძის ძმა, ნიკოლოზ თოფურიძე.
თავის მხრივ, ნიკოლოზ თოფურიძე ფლობს შპს „განათებას” 100%-იან წილს და იგი სახელმწიფო შესყიდვებში უმეტესად უკონკურენტოდ მონაწილეობს. თუ „აჭარგანათება” ბათუმის გარე განათების სერვისის ძირითადი მიმწოდებელია, „განათების” სამოქმედო სივრცე ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებია
· ქობულეთის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსის ბადრი რომანაძის კომპანიამ, “ჯორჯიან სტოუნმა” 2015-2023 წლებში 62 046 920 ლარის შესყიდვები მიიღო. აქედან 47 640 633 ლარი ქობულეთსა და ფოთში უკონკურენტი ტენდერებიდან მიიღო.
„ჯორჯიან სტოუნის” დირექტორი ბადრი რომანაძე 2011-2014 წლებში ქობულეთის მერიაში არქიტექტურის სამსახურის უფროსი იყო. სწორედ მისი საჯარო სამსახურიდან წასვლისა და კომპანიის დირექტორად დანიშვნის შემდეგ იმარჯვებს „ჯორჯიან სტოუნის” ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში.
· ბათუმის საკრებულოს წევრის, ლევან დოლიძის მამის, ნუკრი დოლიძის კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 238 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. ამ თანხის 74%-ზე მეტი – უკონკურენტო, მეტოქე კომპანიების დისკვალიფიკაციისა და გამარტივებული ხელშეკრულებების პირობებში.
ნუკრი დოლიძე ადრე თავად იყო ბათუმის საკრებულოს წევრი. მისი და მისი ოჯახის წევრების კომპანიების ფავორიტული მდგომარეობა სახელმწიფო შესყიდვებში კიდევ ერთხელ ავლენს ე.წ. მბრუნავი კარის პრობლემის სიმწვავეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის დასკვნაში პირდაპირ უთითებდა „მონოლითი 2005”-სა და „ბონდი 2009”-ის უკონკურენტო პირობებში გამარჯვების შემთხვევებზე. ნუკრი და ლევან დოლიძეები, ასევე მათთან დაკავშირებული პირები უმთავრესად ფინანსებს სწირავენ მმართველ პარტიებს. საკმაოდ მანკიერ პრაქტიკად ჩამოყალიბდა, რომ ბიზნესის წარმომადგენლები პოლიტიკურ ძალას მაშინ აფინანსებენ, როდესაც ეს ძალა მმართველი ხდება. მსგავს პრაქტიკაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” პერიოდულად ანგარიშებს აქვეყნებს.
ლევან დოლიძე ჯერ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლად/კონსულტანტად დაინიშნა ინფრასტრუქტურულ საკითხებში, შემდეგ კი გახდა ბათუმის საკრებულოს წევრი.
· ბათუმის საკრებულოს წევრის, ირაკლი პატარიძისა და მისი სიძის კომპანიებმა მიიღეს სარგებელი ბათუმის მუნიციპალური შესყიდვებიდან – 1 407 584 ლარი.
შემოსავლების 67% ამ კომპანიებმა ბათუმის იმ მუნიციპალური იურიდიული პირებიდან მიიღეს, რომელთა კონტროლი ირაკლი პატარიძეს ევალებოდა.
· ქობულეთის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებთან დაკავშირებულმა კომპანიამ, შპს „ზომამ” სახელმწიფო შესყიდვებიდან 1 358 938 ლარი მიიღო, მათ შორის 1 344 876 ლარი – ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან. აქედან შემოსავლის 85% უკონკურენტო ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების ხარჯზე.
კომპანიის დირექტორი, ოთარ ზოიძე მუნიციპალური შპს „ქობულეთის წყლის” ყოფილი ხელმძღვანელია, მისი მოადგილის, გია გოლიაძის მეუღლე – ფატი ჯინჭარაძე კი ქობულეთის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსია. აუდიტის სამსახურის ანგარიშებით ირკვევა, რომ „ზომა” სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული სხვა კომპანიების ქვეკონტრაქტორიცაა.
· მაღალჩინოსან ძმებ ბერიძეებთან დაკავშირებულმა კომპანია „ესია ჯგუფმა” სახელმწიფო შესყიდვებიდან 2 მილიონამდე ლარი მიიღო აჭარაში.
სახელმწიფო ტენდერებში შპს „ესია ჯგუფი” 2021 წლის ივლისიდან მონაწილეობს და დღემდე 1,869,747 ლარი მიიღო. ეს კომპანია ბათუმის მუნიციპალური ა(ა)იპის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დირექტორის, აკაკი ბერიძის ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა, ირაკლი აზნაურიშვილმა დააფუძნა. „ესია ჯგუფი” ქედის მერიისა და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების ქვეკონტრაქტორია და მნიშვნელოვან შემოსავალს აქედან იღებს. ქედის მერი, როლანდ ბერიძე და გზების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე, რაულ ბერიძე აკაკი ბერიძის ძმები არიან.
· გიორგი ჭყონია ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი და “ქართული ოცნების” მსხვილი შემწირველია. 2011-2023 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან შემოსავლის სახით მიიღო 335 638 719 ლარი.
გიორგი ჭყონია ფლობს 20 კომპანიის წილს და ხელმძღვანელობს 3 კომპანიას. ეს კომპანიები, თავის მხრივ, ფლობენ სხვა კომპანიების წილებს. გიორგი ჭყონიას კომპანიებიდან 3 – Შპს „გზა”, შპს „ბათუმი ცენტრალი” და შპს „შატო კვირიკე” აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში. გიორგი ჭყონიამ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა მმართველ პარტიას და საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ჯამში შეწირეს 1 394 000 ლარი.
· ახალციხის ყოფილი მერის ზაზა მელიქიძის და მისი ნათესავების კომპანიებმა 2015 წლიდან დღემდე 1 976 194 ლარის შესყიდვები მიიღეს.
ჩვენი კვლევის გამოქვეყნების საფუძველზე სუს-ის ანტკორუფციულმა სამსახურმა ზაზა მელიქიძის საქმეზე გამოძიება დაიწყო. თუმცა, ზაზა მელიქიძისა და მისი ნათესავების კომპანიები ამის შემდეგაც მონაწილეობენ სახელმწიფო შესყიდვებში და ამ პერიოდში მათ ჯამში 752 686 ლარი მიიღეს. ზაზა მელიქიძე დღეს აღარ არის მუნიციპალიტეტის მერი, იგი 2021 წლის მოწვევის საკრებულოს დეპუტატია „ქართული ოცნებიდან“.
· ახალციხის ყოფილი მერის ზაზა მელიქიძის მრჩევლის, გელვასი გელაძის კომპანიამ 2014 წლიდან 6 375 958 ლარის შესყიდვები მიიღო.
ჩვენი კვლევის გამოქვეყნების დროს კომპანიას 4 096 286 ლარი ჰქონდა მიღებული. მაშინ ამ შესყიდვებში აუდიტმა დარღვევა დაადგინა, გელვასი გელაძემ კომპანიაში წილიც კი დათმო, თუმცა კომპანია დღემდე იღებს სახელმწიფო შესყიდვებს.
· ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ოჯახის კომპანიებმა 2 049 668 ლარის შესყიდვები მიიღეს 2012-2020 წლებში.
2021 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც ენზელ მკოიანი „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად აღარ წარადგინა, საჯარო უწყებებმა მის კომპანიებთან შესყიდვების გაფორმება შეწყვიტეს.
· ასპინძის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა მელიქიძის ძმის კომპანიამ 2016-2023 წლებში 1 980 567 ლარის შესყიდვები მიიღო
ვიდრე მამუკა მელიქიძე თანამდებობის პირი გახდებოდა, მისი ძმის კომპანია, ასპინძის მუნიციპალიტეტის ტენდერებში არ მონაწილეობდა. მამუკა მელიქიძის საკრებულოში შესვლის შემდეგ კი სს „XXI საუკუნემ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში 2016-2019 წლებში 740 065 ლარი მიიღო. დღეს მამუკა მელიქიძე ასპინძის საკრებულოს წევრია მხოლოდ, თუმცა მისი ძმის კომპანიის შემოსავლები სახელმწიფო შესყიდვებიდან კიდევ 1 240 502 ლარით გაიზარდა.
· ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, კონსტანტინ ვარნის კომპანიამ 2014 წლიდან დღემდე 2 177 645 ლარის შესყიდვები მიიღო
ჩვენი კვლევის გამოქვეყნების დროს კონსტანინ ვარდანიანის კომპანიას ბიუჯეტიდან მხოლოდ 320 645 ლარი ჰქონდა მიღებული. ამის შემდეგ მან კომპანია დათმო და ის დღემდე მის მეუღლე ეკუთვნის. თავად ისევ მიიღო მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის 2021 წლის არჩევნებში და ისევ Საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა.
· აბასთუმანში ს დაგეგმილ პროექტებში ჩართული და „ქართული ოცნების“ შემწირველის დემეტრე თათეშვილის კომპანიამ 2018-2023 წლებში 363 385 030 ლარის შესყიდვები მიიღო. Შპს “არალის” შესყიდვებზე ბლოგი 2021 წლის მაისში გამოვაქვეყნეთ და მაშინდელი მონაცემებით (2018-2021 წლებში) კომპანიას შესყიდვებით მიღებული ჰქონდა 125 454 712 ლარი, ანუ ბოლო ორ წელიწადში ამ კომპანიის შემოსავლებში სახელმწიფო შესყიდვების გზით 238 მილიონ ლარამდე შევიდა.
შპს „არალისთვის“ ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხა ათეულობით მილიონი ლარით გაიზარდა 2018 წლის აგვისტოდან, როცა კომპანიის მაშინდელმა მესაკუთრემ, ოთარ თათეშვილმა აბასთუმანში ბიძინა ივანიშვილს საკუთარი სახლის ასაშენებლად 450 კვ.მ. მიწა მიჰყიდა. თუ მანამდე 7 წელში ტენდერებით ჯამურად 51 585 275 ლარი ჰქონდა მიღებული, მომდევნო ოთხწელიწადნახევარში მოგებული ტენდერებით ხელშეკრულებები 260 მილიონ ლარამდე გაუფორმდა.
· ბაკურიანში ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის დაცვის უფროსის, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის რევაზ მუმლაძის კომპანიამ 2020 წელს სახელმწიფო შესყიდვებით 237 534 ლარი მიიღო.
· ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კომისიის თავმჯდომარის, ნოდარ ტალახაძის შვილის კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებიდან 10 900 956 ლარი მიიღო. ამ თანხის 37% ახალციხის მერიიდან დაერიცხა.
შპს „კომპანია ელ ეს ჯორჯია“ თათეშვილების ოჯახის კუთვნილი ათზე მეტი კომპანიიდან ერთ-ერთია, იგი ეკა თათეშვილმა 2014 წელს დააფუძნა. თუმცა, კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებს 2020 წლის 4 თებერვლიდან იღებს, მას შემდეგ, რაც ეკა თათეშვილმა შპს-ს დირექტორობა და 50% წილი მეუღლეს, ტარიელ ტალახაძეს, ნოდარ ტალახაძის ვაჟს გაუფორმა. კომპანიამ ახალციხის მუნიციპალიტეტში ყველა ტენდერი, გარდა ერთისა, უკონკურენტოდ ან კონკურენტის დისკვალიფიკაციით მოიგო. იმ ერთ შემთხვევაშიც მისი კონკურენტი შპს „არალი“ იყო.
· ახალციხის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ნოდარ ბალახაშვილმა 2018-2020 წლებში სახელმწიფო შესყიდვებით 129 552 ლარის შესყიდვები მიიღო.
ჩვენი კვლევის გამოქვეყნების შემდეგ ნოდარ ბალახაშვილის კომპანია სახელმწიფო შესყიდვებში აღარ მონაწილეობს.
· ახალციხის ორი მოწვევის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, კობა გელაშვილის კომპანიამ 2017-2021 წლებშ სახელმწიფო შესყიდვებით 1 699 980 ლარი მიიღო.
· Სხვადასხვა კვლევებით აღმოვაჩინეთ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ე,.წ. “მბრუნავი კარის” პრინციპის გამოყენებით კვლავ აგრძელებენ სახელმწიფო შესყიდვების მიღებას ყოფილი თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიები და მსგავსმა შემოსავლებმა 8 893 008 ლარი შეადგინა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილ უფროსთან გიორგი ყიფიანთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2014-2023 წლებში 5 477 175 ლარი მიიღეს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „მაჟორიტარების“ თავმჯდომარის, ფირან გოგიჩაშვილის კომპანიამ 2018-იდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებიდან 2 506 833 ლარი მიიღო, ბორჯომის მუნიციპალური ააიპ-ის ხელმძღვანელის, ვაჟა გელაშვილის მეუღლის კომპანიამ 2020 წელს სახელმწიფო შესყიდვებით 909,000 ლარი მიიღო.
· ახალქალაქის მუნიციპალური ააიპ-ის დირექტორის, მარტინ გაბრიელიანის კუთვნილმა კერძო კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებიდან 2019-2022 წლებში 1 390 861 ლარი მიიღო.
შესყიდვებიდან მიღებული თანხიდან 667 186 ლარი (საერთო თანხის 47.9%) კომპანიას ახალქალაქის ბიუჯეტიდან დაერიცხა. ჩვენი კვლევის გამოქვეყნების შემდეგ მარტინ გაბრიელინის კომპანიისა და ახალქალაქის მერიის სახელმწიფო შესყიდვებში, შესყიდვების სააგენტომ დარღვევები დაადგინა. რის საფუძველზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ ახალქალაქის მერიის სატენდერო კომისიის წევრებს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
· ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელსაც ასპინძის სარაგბო ბაზა ეკუთვნის, 2016-2023 წლებში სახელმწიფო შესყიდვებით, ჯამში, 567 167 ლარი მიიღო.
· ახალქალაქის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნისა და „ქართული ოცნების“ შემწირველის, ხაჩიკ მოსოიანის კომპანიებმა 2014-2022 წლებში 2 687 008 ლარი მიიღეს. აქედან 1,928,488 ლარი (71.7%) დარიცხულია ახალქალაქის მერიიდან, სადაც მისი რძლის ძმა იურიდიულ სამსახურს 6 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
·
· „ქართული ოცნებიდან“ ახალციხის საკრებულოს დეპუტატისა და ამავე პარტიის შემწირველის, გელა ჭალიძის კომპანიებმა 2021 წლის ოქტომბრიდან დღემდე პირდაპირი სახელმწიფო შესყიდვებით, ჯამში, 244 146 ლარი მიიღეს. ამ თანხის თითქმის 60% – 141 533 ლარი გელა ჭალიძის კომპანიებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიიდან და მისი იურიდიული პირებიდან დაერიცხათ.
·
· ნინოწმინდის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის ბიძამ და „ოცნების“ შემწირველმა, რაზმიკ ღუმაშიანმა, 2013-2023 წლებში, ნინოწმინდის მერიის შესყიდვებით 2 840 710 ლარი მიიღო, აქედან 1 759 795 ლარი (მიღებული თანხის 61.9%) სხვების დისკვალიფიკაციით და უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით, ასევე, პირდაპირი შესყიდვებით დაერიცხა. ღუმაშიანი ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, „ოცნების“ ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ოჯახის კუთვნილი გაზის კომპანიის დირექტორი იყო.
·
· ადიგენის მუნიციპალიტეტში, ხევაშენის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლად გიორგი ენდელაძე 2015 წელს დაინიშნა. მას შემდეგ დღემდე მისი ძმების კომპანიებმა 244 სახელმწიფო შესყიდვით 1 905 649 ლარი მიიღეს. აქედან 896 271 ლარი (47%) ადიგენის მერიიდან და მისი იურიდიული პირებიდან დაერიცხათ.
· „ქართული ოცნების“ შემომწირველმა და ყოფილი თანამდებობის პირების კომპანიებმა შიდა ქართლში 162 498 685 ლარის შესყიდვები მიიღეს 2013-2020 წლებში.
· გორის ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატთან, იოსებ მაკრახიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2016 წლიდან დღემდე მიიღეს 190 700 677 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვები
იოსებ მაკრახიძე 2016-2020 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და ამ წლებში მისმა და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა – შპს “იბოლიამ”, შპს “შარამ” და შპს “არქმშენსტუდია-2002”-მა სახელმწიფო შესყიდვებიდან 91.8 მილიონ ლარზე მეტის მიიღეს. ეს კომპანიები ძირითადად უკონკურენტოდ იმარჯვებდნენ, შემსყიდველები კი უმრავლეს შემთხვევაში გორი და შიდა ქართლის სხვა მუნიციპალიტეტები არის.
დოკუმენტი ასევე მოიცავს კახეთის, იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებს.