მმართველმა გუნდმა ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით, შესაძლოა, პარლამენტში რეზოლუციის პროექტი წარადგინოს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას ინფორმაციით, ს მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით, შესაძლოა, პარლამენტში რეზოლუციის პროექტი წარადგინონ.
ამის თაობაზე ბერაიამ კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც ოპოზიციამ ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო ფლოტის ბაზირების თემაზე მათ მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის დღის წესრიგში ასახვა და განხილვა მოითხოვა.
როგორც ბერაიამ პასუხად განაცხადა, საკითხი დამატებით შესწავლას და მეტ დეტალებში გარკვევას საჭიროებს, რაზეც შესაბამისი კომპეტენტური უწყებებისგან შეფასებებს ელოდებიან.
„საკითხი მნიშვნელოვანია. კომიტეტი რეგლამენტით მინიჭებული უფლებამოსილებებისა და ეროვნული ინტერესების ფარგლებში იმოქმედებს. საკითხი დამატებით შესწავლას და მეტ დეტალებში გარკვევას საჭიროებს. დიდი ალბათობით, შესაძლოა, მხოლოდ ოჩამჩირის საკითხი არ იყოს, რა პროცესებთანაც ოკუპირებულ რეგიონებში შეიძლება გვქონდეს საქმე.
პროცესებს საფუძვლიანი ანალიზი და შესაბამისი კომპეტენტური უწყებების მოსაზრებების მოსმენა სჭირდება. შესაძლოა დღის წესრიგში არამხოლოდ ამ საკითხის, არამედ სხვა საკითხის შეტანის საჭიროებაც დადგეს – გვაქვს კომუნიკაცია და შესაბამისს შეფასებებს ველოდებით.
ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება რეზოლუცია – ჩვენ მიერ დაინიცირებული რეზოლუცია, სადაც ყველა საკითხი შევა“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ ოპოზიციის პასუხად.
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნის საკითხზე რეზოლუციის პროექტი ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ოქტომბრის დასაწყისში წარადგინეს, თუმცა პარლამენტს ის ამ დრომდე არ განუხილავს.