მმართველი გუნდი დიდი ალბათობით ეცდება ამ კანონით ივაჭროს დასავლეთთან – გობრონიძე “აგენტების კანონზე”

“მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდი დიდი ალბათობით ეცდება ამ კანონით ივაჭროს დასავლეთთან, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ამ კანონს რას უზამს,” – ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხების მკვლევარი, გიორგი გობრონიძე, აცხადებს, რომელსაც საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ესაუბრა.
გობრონიძის თქმით, თუკი „ქართული ოცნება კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გაიწვევს, ან შეცვლის ისევ მმართველი გუნდისთვის იქნება უკეთესი, რადგან მოცემული დოკუმენტი გარდა იმისა, რომ საერთოდ არ ემსახურება არანაირ ლოგიკურ მიზანს, ის ასევე წარმოადგენს ვერბალურ სიმახინჯეს, როგორსაც არ დაწერდა იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის ყველაზე ზარმაცი სტუდენტიც კი.
“ამდენად თუ ამ კანონს მოიშორებს ხელისუფლება, ისევ მათი რეპუტაციისთვის იქნება უკეთესი. სირცხვილია, როდესაც 6 გვერდზე გაწერილ 11 მუხლიან ამ სისულელეს 80-ზე მეტმა წერა კითხვის მცოდნე ადამიანმა, რომელთაც წაკითხულიდან აზრის გამოტანა შეუძლიათ, ან აქვთ ამაზე პრეტენზია, დაუჭირა მხარი. რამდენადაც ამ კანონისგან გათავისუფლება, პირველ რიგში მათი თავმოყვარეობის საკითხი უნდა იყოს და მხოლოდ იმიტომ უნდა გაიწვიონ, რომ საკუთარ თავს სცენ პატივი, იმდენად ეს ქმედება ვერ განმუხტავს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს. მთავარი პრობლემა ის არის რომ მმართველი გუნდი არ აღიარებს პრობლემის არსებობას, არადა ნებისმიერი პრობლემის მოგვარება უპირველესად მისი არსებობის აღიარებით იწყება. ნაცვლად პრობლემაზე ფიქრისა, ვხედავთ, თუ როგორ ემზადება მმართველი გუნდი ერთმანეთისთვის ბაფთების და ორდენების შესაბნევად,” – ამბობს გობრონიძე.