მკურნალობის საზღვარგარეთ დაფინანსების ნაცვლად, სჯობს, სპეციალისტები აქ მოვიწვიოთ – ილია გოცაძე

თიბისი კაპიტალის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოს რეზიდენტებმა უცხოეთში მკურნალობაზე 33 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯეს, მაშინ როცა უცხოელების ხარჯი საქართველოში 2 მილიონ დოლარამდე იყო. რაც შეეხება რაოდენობრივ მონაცემებს, საზღვარგარეთ სამკურნალო/გამაჯანსაღებელი მიზნით 50 000 მოქალაქე გაემგზავრა.
ონკოქირურგი ილია გოცაძე ამბობს, რომ დღეს საქართველოს აქვს რესურსი, როგორც ადამიანური ისე ტექნოლოგიური, რომ ონკოპაციენტები ადგილზე მართოს, მაგრამ არა ყველგან. მისი შეფასებით, აუცილებელია სექტორში არსებული რეალობა შეფასდეს და ამ რესურსის შესახებ ინფორმაციას პირველ რიგში, ჯანდაცვის სამინისტრო უნდა ფლობდეს.
გოცაძე აცხადებს, რომ საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსების პროგრამა პაციენტებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, მაგრამ სჯობს სპეციალისტები საქართველოში ჩამოვიყვანოთ და თუ საჭიროა, ადგილობრივი პროფესიონალების გადამზადება დაიწყოს.
“რეფორმები არის გასატარებელი, რათა ყველა კლინიკა, ყველა ექიმი შეესაბამებოდეს გარკვეულ ალგორითმს და საერთო დონეს. ანუ დონე უნდა იყოს კონტროლირებადი. მათ შორის უნდა გაკონტროლდეს უპირველესყოვლისა ილია გოცაძე როგორ აკეთებს ოპერაციებს, ხარისხიანად თუ არა და სხვა როგორ აკეთებს. ზოგადად, როცა ეს უფრო გამჭვირვალედ და კარგად იქნება გაკონტროლებული, ანუ პაციენტს ეცოდინება, რომ ჩვენი სერტიფიკატი მართლა შეესაბამება თანამედროვე სტანდარტს და ასევე, ჩვენ მართლა ვაკეთებთ იმას, რასაც მთელ მსოფლიოში აკეთებენ, მაშინ მისი ნდობა გავა სულ სხვანაირ დონეზე. შესაბამისად, ჩემი აზრით, მომართვიანობა და პაციენტების რაოდენობა, ვინც საქართველოში დარჩება, მეტი იქნება.
არავინ იცის, ჩვენ კარგები ვართ თუ ცუდები. ანუ მე ვამბობ, რომ სამინისტრომ არ იცის ეს ამბავი და მე ვარ ნომერ პირველი მომხრე იმისი, რომ ეს ყველაფერი აბსოლუტურად გამჭვირვალედ შეისწავლოს და პაციენტი იყოს გაგზავნილი იმ ექიმთან, ვინც გადამოწმებულად შეესაბამება თანამედროვე დონეს. სჯობს, რომ ფული კი არ გადაუხადოთ პაციენტს და გავაგზავნოთ ეს ფული სხვა ქვეყანაში, მოვიწვიოთ შესაბამისი სპეციალისტები, მათ გადავუხადოთ ფული და თუ სადმე გვიჭირს და გამოცდილება არ გვაქვს, აქ ჩამოსულმა ექიმმა გვასწავლოს, გაგვიზიაროს გამოცდილება, რათა ჩვენ უკეთესად დავეხმაროთ პაციენტს”, – ამბობს ონკოქირურგი ილია გოცაძე.