მკვლელობისთვის გასამართლებული სამხრეთაფრიკელი სპორტსმენი პირობით ვადამდე გაათავისუფლეს

სამხრეთაფრიკელი პარაოლიმპიელი სპორტსმენი ოსკარ პისტორიუსი, რომელსაც შეყვარებულის, რივა სტინკამპის მკვლელობისთვის 2016 წელს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, პირობით ვადამდე გაათავისუფლეს.
სამხრეთ აფრიკის კანონმდებლობით, სასჯელის ვადის ნახევრის მოხდის შემდეგ შესაძლებელია გასამართლებულთა საქმეების განხილვა პირობით ვადამდე გათავისუფლების მიზნით.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, პისტორიუსი სასჯელის სრული ვადის ამოწურვამდე, 2029 წლამდე მკაცრ პირობებში იცხოვრებს.
“პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ საბჭოს მიერ დაწესებული პირობები, რომელიც მოიცავს სიბრაზის მართვის კურსებს და პროგრამებს გენდერული ძალადობის შესახებ, აგზავნის მკაფიო გზავნილს, რომ გენდერული ძალადობა სერიოზულად აღიქმება”. – თქვა რივა სტინკამპის დედამ.
“ნიშნავს თუ არა ეს რივასთვის სამართლიანობის აღდგენას? ოსკარმა საკმარისად მოიხადა სასჯელი? ვერასოდეს აღდგენა სამართლიანობა, თუ შენი საყვარელი ადამიანი ვეღარ დაბრუნდება. ციხეში გატარებული ვერანაირი დრო ვერ დააბრუნებს რივას. ჩვენ, ვინც ვრჩებით, გვაქვს სამუდამო პატიმრობა მისჯილი”. – დაამატა მან.
პისტორიუსმა შეყვარებული, რივა სტინკამპი 2013 წლის თებერვალში საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. პარაოლიმპიელის თქმით, სტინკამპი სახლში შეპარული მძარცველი ეგონა და მას თავდაცვის მიზნით ესროლა.
პისტორიუსი პარაოლიმპიადის 6-გზის ოქროს მედალოსანია. 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ის გახდა პირველი პარაოლიმპიელი, ვისაც ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება დართეს.