მიხეილ ხუბუტიას კომპანიას რუსეთში Beretta-ს სნაიპერულ შაშხანები შეაქვს, რომელსაც უკრაინის ომში იყენებენ – The Insider

ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას საკუთრებაში არსებული კომპანიების შუამავლობით რუსეთში წამყვანი იტალიური ჰოლდინგის, Beretta-ს მიერ წარმოებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ექსპორტი ხდება. ამის შესახებ The Insider-ისა და IrpiMedia-ს საგამოძებო მასალაში წერია.
გამომძიებელი ჟურნალისტები წერენ, რომ სანქციების მიუხედავად, სთვის სნაიპერული შაშხანების, პისტოლეტებისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას Beretta-სთან ერთად იარაღის კიდევ ერთი წამყვანი იტალიური კომპანია, CD Europe S.R.L-იც განაგრძობს.
ხუბუტიას იარაღის ბიზნესში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია შპს „რუსული არწივია“ (“Русский Орел”), რომლის საკონტროლო პაკეტსაც ჰოლდინგი, Beretta ფლობს. ჟურნალისტების ინფორმაციით, ევროპიდან რუსეთს იარაღს სწორედ ამ შვილობილი კომპანიის მეშვეობით აწვდიან. ამასთან, მიწოდების ჯაჭვში ჩართულია შუამავალი თურქული კომპანია, Rec Dış Ticaret Ltd. Şti, რომელიც იარაღს იტალიის მწარმოებლებისგან ყიდულობს და შემდეგ მას ხუბუტიას „რუსული არწივზე“ ყიდის.
„საერთო ჯამში, ომის დაწყების შემდეგ რუსეთში ჰოლდინგის მიერ წარმოებული 835 ათასზე მეტი ვაზნა და 5,9 ათასი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი შევიდა. უმეტეს შემთხვევაში, იმპორტიორი შპს „რუსული არწივი,“ ასევე, მასთან და ხუბუტიასთან დაკავშირებული სხვა კომპანიები იყვნენ,“ – წერენ გამომძიებელი ჟურნალისტები.
მათი ცნობით, რუსეთისთვის ამ გზით მიწოდებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ნაწილი ფედერაციის ძალოვანი სტრუქტურების მიერ არის შეძენილი. უფრო მეტიც, ჰოლდინგ Beretta-ში შემავალი ფინური ბრენდის, Tikka-ს წარმოებულ Hunter-ის სნაიპერულ შაშხანებს რუსი სამხედროები უკრაინის ფრონტზე იყენებენ.
თავის მხრივ, Beretta არ მალავს, რომ რუსეთში კომერციულ საქმიანობას განაგრძობს. კერძოდ, ის რუსი მსროლელების ღონისძიებებს, მათ შორის, Beretta-ს საზაფხულო თასს აფინანსებს, ასევე, სპეციალიზებულ გამოფენებში მონაწილეობს.
ამასთან, გამომძიებელი ჟრნალიტების ცნობით, Beretta შეიარაღების რუსულ კონცერნ „კალაშნიკოვთანაც“ თანამშრომლობს და მას სანადირო თოფების დეტალებს აწვდის.
ცნობისთვის: მიხეილ ხუბუტია 1999 წლიდან მოყოლებული რუსეთში უძრავი ქონების ბიზნესით არის დაკავებული და მჭიდრო ურთიერთობა აქვს პუტინთან. მან იარაღის პირველი მაღაზია, „კოლჩუგა“ მოსკოვში გასული საუკუნის 90-იანი წლების შუა პერიოდში გახსნა. 15 წლის განმავლობაში „კოლჩუგას“ ბრენდმა 24 მაღაზია გააერთიანა, 2008 წელს კი მისმა ბრუნვამ, Earns & Young-ის მონაცემებით, 250 მლნ დოლარს გადააჭარბა. 2018 წლისთვის რუსეთში გაყიდული უცხოური წარმოების სანადირო და სპორტული იარაღის 50%-ზე მეტი სწორედ „კოლჩუგას“ ქსელზე მოდიოდა. მიხეილ ხუბუტიას საქმიანობის 50%-ს სასტუმრო ბიზნესი და მოსკოვში, ადლერსა და სოჭში საინვესტიციო პროექტები, 25%-ს დეველოპმენტი, 20%-ს იარაღით ვაჭრობა, ხოლო 5%-ს კომერციული უძრავი ქონების მართვა შეადგენს. საერთო ჯამში, ხუბუტიას ბიზნესპროექტები რამდენიმე წლის წინ 1,5 მლრდ დოლარს შეადგენდა.
ხუბუტია მოსკოვის ცენტრში ცხოვრობს. იმის მიუხედავად, რომ მემკვიდრეობით სახლები ბათუმსა და თბილისში ერგო, მისი ქონების დიდი ნაწილი რუსეთშია. თუმცა 2020 წელს ხუბუტიამ კახეთში, კერძოდ, თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში ვენახის გასაშენებლად მიწები შეიძინა. იმის გამო, რომ ის რუსეთის მოქალაქეა, საქართველოს კანონმდებლობით, სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვა არ შეეძლო, ამიტომ ქონება მისი ცოლის დის, ნონა ჯანაშიას სახელზე გააფორმა.
ხუბუტია ამბობს, რომ დაიბადა და გაიზარდა როგორც ქართველი, მაგრამ რუსეთში გარუსდა და სულის სიღრმეში რუსია, ქართული მენტალიტეტის კი აღარაფერი გაეგება.
წყარო:bpn