ჩორჩანას მთელი ისტორია სტრატეგიულ დონეზე იყო პრინციპული და სუვერენული საქართველოს პატარა გამოვლინება, ხოლო ტაქტიკურ დონეზე – საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანებული საზოგადოების სხვადასხვა წრეების თანამშრომლობის სამაგალითო შედეგი, – ამის შესახებ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის მოადგილე, მიხეილ ჭიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ჭიტაშვილი აღნიშნავს, როგორც ამოცანიდან, ისე დამდგარი შედეგიდან გამომდინარე, ჩორჩანას მოვლენის უკან „არ არსებობს არაფერი, გარდა დიდი ერთობით მოპოვებული მცირედი წარმატებისა, რომელიც თანაბრად ეკუთვნის მთელ საქართველოს“.
„ზოგადად ტრიბუნა და მით უმეტეს, სოციალური ქსელების ტრიბუნა ჩემი საყვარელი ადგილი არასოდეს ყოფილა, მაგრამ ამ დღეებში ჩორჩანაზე იმდენი ითქვა და დაიწერა, დიდაქტიკური და კრიტიკული შინაარსის იმდენი ინტერვიუ და პოსტი ვნახე, რომ როგორც იმ პროცესების თავიდან ბოლომდე მონაწილემ, თავს უფლება ვერ მივეცი, თუნდაც მხოლოდ ჩემი ნაცნობ-მეგობრების ინფორმირებისთვის, არ გამოვხმაურებოდი მიმდინარე შეფასებებს.
პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ არის რაღაცები, რისიც გაშავება არ შეიძლება და რომც ეცადო უბრალოდ ვერ გაშავდება.
ჩორჩანას მთელი ისტორია, თავის პროცესით და თავის შედეგით, სტრატეგიულ დონეზე იყო, პრინციპული და სუვერენული საქართველოს პატარა გამოვლინება, ხოლო ტაქტიკურ დონეზე – საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანებული საზოგადოების სხვადასხვა წრეების თანამშრომლობის სამაგალითო შედეგი… ამ შედეგით მცირე საზიარო სიამაყის განცდა ყველას გულში არსებობს, ვინც იმ პროცესებში წვლილი შეიტანა…
მომენტით ვისარგებლებ და კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას ამ პროცესების ყველა მონაწილეს შსს პირადი შემადგენლობის თამადობით, ვისზეც ყველაზე მეტად გადაიარა ამ შედეგის მისაღებად გაწეულმა რისკებმა და სირთულეებმა.
ახლა მთავარი – როგორი იყო წინაპირობები, რა მოვიმოქმედეთ და რა მივიღეთ შედეგად: 1. ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორია, რომელზეც საუბარია, არის დაახლოებით 20 კვ.კმ, რომელიც სტრატეგიულადაც ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორიაა და ეკონომიკურადაც დიდი პოტენციალის მატარებელი ადგილია – ვინც არ იცის, იქ მდებარეობს საქართველოში მგონი ერთადერთი მწვანე ტალკის საბადო, რომელიც კომუნისტების დროს ფუნქციონირებდა; 2. ანატოლი ბიბილოვის ერთ-ერთ მთავარ გაცხადებულ ამოცანას ჩორჩანას „დაბრუნება“ წარმოადგენდა და ამის საფუძვლად რაღაც არაავთენტურ რუკებს იყენებდა; 3. ამის ფონზე, როგორც მახსოვს, ოკუპირებულ რეგიონში ბიზნეს-ფორუმიც შედგა, ჩამოყვანილი ჰყავდათ ვიღაც ინვესტორები და დიდი ამბით აპიარებდნენ ხსენებული ტალკის საბადოს აღორძინების კამპანიას; 4. ამას მოჰყვა სეპარატისტების მხრიდან ხეობაში და სოფლის დანარჩენ ტერიტორიებზე გახშირებული შემოსვლა და მოსახლეობის დაკავება-გატაცებები, რამაც სოფლის მოსახლეობისგან ნაწილობრივ დაცლა გამოიწვია; 5. შემდეგი ნაბიჯი იყო უკვე ხსენებულ ხეობაში მათი სადაზვერვო ჯგუფების გახშირებული სიარული და სასაზღვრო დანაყოფების პატრულირებაც; 6. რაც შეეხება ჩვენს პასუხს: ჩვენს მიერ ჩატარებული შემხვედრი ოპერატიული ღონისძიებების დროს აღმოჩენილი იქნა მარკირებები (ვინც არ იცის, მარკირებების შემდეგი ეტაპი მავთულხლართების გავლებაა) და ხაფანგები ე.წ. „რასტიაჟკები,“ რომლებიც მიუთითებდა ხსენებული ტერიტორიის (დაახლოებით 20 კვ.კვ) შემდგომი ოკუპაციის გაფორმებაზე. როგორც მოგვიანებით შედეგმა აჩვენა, ჩვენი ოპერატიული მუშაობა მათთვის ბოლო წუთამდე შეუმჩნეველი დარჩა, რამაც ჩვენ მოულოდნელობის თვალსაზრისით დიდი უპირატესობა მოგვცა. სწორედ ამ უპირატესობის შესანარჩუნებლად, პრინციპულად დაუშვებელი იყო ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის ანდა ჩვენი გეგმების შესახებ რუსულ-ოსური მხარის ინფორმირება. ამ გეგმის გამჟღავნება სეპარატისტების მხრიდან ტერიტორიის ბორდერიზაციის ფორსირებას გამოიწვევდა. თუმცაღა, 2008 წლის პროტოკოლების შესაბამისად, ჩვენი გეგმების შესახებ ინფორმირებული გვყავდა მედიატორი მხარე; რაც შეეხება „საგუშაგოების ჩადგმას,“ ეს არ იყო შინაური ცხოველის კაბინა, რომელიც შეგეძლო პიკაპის ბორტიდან საკუთარ ეზოში ხუთ წუთში გადაგედგა. ეს იყო კომპლექსური და ხანგრძლივი პროცესი, რომელიც ინფორმაციის მოპოვება-შეფასებასთან, დიდ სიფრთხილესთან და ზომიერ სითამამესთან ერთად, არაერთი უწყების ტანდემში მუშაობას, ფინანსებს და ლოჯისტიკას მოითხოვდა (ყველაფერს რომ თავი დაანებო, თითქმის 7 კმ გზა გავიყვანეთ უღრან ხეობაში).
შედეგი: სადაც მანამდე სეპარატისტები დათარეშობდნენ, მოსახლეობას ატერორებდნენ და ხეობას მარკირებებით და ხაფანგებით ნელ-ნელა ისაკუთრებდნენ, შედეგად მივიღეთ ხეობაში და სოფელში განთავსებული ქართული საგუშაგოები, მათზე აფრიალებული ქართული დროშები და ადგილობრივი მოსახლეობის სამსახურში მდგარი 24/7 პატრული, აღარაფერს ვამბობ შენარჩუნებულ ბუნებრივი რესურსების საბადოზე, რომელსაც როცა იქნება საქართველოსთვის მატერიალურ სარგებელს მოვატანინებთ.
P.S. ორი სიტყვით ვუპასუხებ მათ, ვინც სეპარატისტების მიერ საპასუხოდ აგებულ საგუშაგოზე მიგვითითებს… ძვირფასებო, ეს იყო მოქმედება უბრალოდ მოქმედებისთვის, სტრატეგიულად იმ საგუშაგოს არც მათთვის შეუმატებია და არც ჩვენთვის დაუკლია რამე.
რომ შევჯამდე, გინდა ამოცანიდან და გინდა დამდგარი შედეგიდან გამომდინარე, ამ მოვლენის უკან არ არსებობს არაფერი გარდა დიდი ერთობით მოპოვებული მცირედი წარმატებისა, რომელიც თანაბრად გვეკუთვნის მთელ საქართველოს.
P.S. ამ ყველაფრის შემდეგ ძალიან გულსატკენია, ისეთებისგან ცილისწამების და შეგონების მოსმენა, ვისაც მავთულხლართების სიახლოვეს არასოდეს გაუვლია, ვინც რუკაზეც ვერ იპოვის და ხელს ვერ გაიშვერს ჩორჩანასკენ, ვისაც 2019 წლის აგვისტოს იმ ცხელ დღეებში ნიუსებიდანაც არაფერი გაუგია და არც შემდეგ დაინტერესებულა.
მაგრამ არა უშავს, როდისმე ამ მოვლენებს დიდი გაერთიანების დაწყების წინ ჩატარებული პატარა მეცადინეობა დაერქმევა“,- წერს მიხეილ ჭიტაშვილი სოციალურ ქსელში.
