მიხეილ ყაველაშვილს არ გაუკეთებია არც ერთი, ხაზგასმით ვამბობ, არც ერთი ანტიდასავლური განცხადება, ისევე როგორც, ჩვენი გუნდის თითოეული წევრი, ისიც ყოველთვის მხარს უჭერდა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, როდესაც ის აკრიტიკებდა კონკრეტულ ბიუროკრატებს, პოლიტიკოსებს, სტრუქტურებს უსამართლო გადაწყვეტილებებისთვის, ეს არ იყო ანტიდასავლური განცხადება, ეს იყო ჯანსაღი კრიტიკა.
„მას არასდროს, არც ერთი ანტიდასავლური განცხადება არ გაუკეთებია. როდესაც ის აკრიტიკებდა კონკრეტულ ბიუროკრატებს, პოლიტიკოსებს, სტრუქტურებს უსამართლო გადაწყვეტილებებისთვის, ეს არ არის ანტიდასავლური განცხადება. ანალოგიურად, როდესაც ჩვენ გვაკრიტიკებენ, შეიძლება ეს ვიღაცამ მოიხსენიოს როგორც ანტიქართული განცხადება, რაც არასწორია. კრიტიკა არის კრიტიკა, როდესაც მით უმეტეს უსამართლობას აკრიტიკებ, ეს არ არის ანტი განცხადება, ეს არ იყო ანტიდასავლური განცხადებები, ეს იყო ჯანსაღი, კრიტიკული განცხადებები იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რომელსაც ყველა ვხედავდით. მიხეილ ყაველაშვილი არის გამორჩეულად ღირსეული ადამიანი. თუ ვინმეს უყვარს ამ ქვეყანაში საკუთარი სამშობლო, აქ ერთ-ერთი პირველი სწორედ მიხეილ ყაველაშვილია. IQ-ზე იყო შეკითხვა და ერთი თავით, ათი თავით ჯობნის მიხეილ ყაველაშვილი მათ შორის ამ კომპონენტში, როგორც სალომე ზურაბიშვილს, ისე მარგველაშვილს და ზოგიერთ სხვა პრეზიდენტს. მისი წარსული გამოცდილებიდან შემიძლია თამამად გითხრათ ეს ყველაფერი, სალომე ზურაბიშვილს, მაგალითად, რომ ჰქონოდა IQ, ჯერ ერთი არ იტყოდა, რომ 20-25 % აქვს „ქართულ ოცნებას“ და მაქსიმუმ 10% შეიძლება გააყალბოსო, ის არ დაარღვევდა კონსტიტუციას, არ გაყიდიდა საკუთარ სამშობლოს, არ უღალატებდა საკუთარ ქვეყანას, IQ რომ არ ჰქონდა იმიტომ გააკეთა ეს ყველაფერი,“- განაცხადა პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს