მიხეილ ყაველაშვილმა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა” და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებს, რითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები მკაცრდება ხელი მოაწერა.
ხელმოწერილი დოკუმენტი საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა, რომელიც 16 ოქტომბრით თარიღდება. კანონები გამოქვეყნებისთანავე ძალაშია.
შეგახსენებთ, დღეს, 16 ოქტომბერს, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და 80-ხმით, ერთხმად – მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები კიდევ უფრო მეტად მკაცრდება.
ამ მიმართულებით ცვლილება “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში განხორციელდა.
ცვლილებების თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი აქციის ორგანიზატორია – ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.
იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. ასევე, 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება პირს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მისაყენებლად.
რაც შეეხება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და ამ მიმართულებით “სისხლის სამართლის კოდექსში“ შეტანილ ცვლილებას, “ქართული ოცნების“ კანონის პროექტით, ზემოაღნიშნული აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე ქმედება – ორ წლამდე ვადით.
გარდა ამისა, “სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი დაემატა, რომლითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება პირს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან მის კანონიერ განკარგულებას არ დაემორჩილება.
შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების დარღვევაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არასრულწლოვან პირებზეც გავრცელდება. ასეთი დარღვევის შემთხვევაში არასრულწლოვანებზე სისხლის სამართლებრივი ჯარიმა, პასუხისმგებლობა გამასწორებელი სამუშაოთი – ერთ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთა – ერთ წლამდე ვადით იქნება გათვალისწინებული.
