ჰერჩინსკის პასუხი მოეთხოვება, იმიტომ, რომ 27 ქვეყნის სახელით საუბრობს – მისი დაკვეთა არის, რომ ამ მშვიდ გარემოში შეცვალოს პროცესი, რომ არ მისცენ „ქართულ ოცნებას” ხმა, ეს არის დანაშაულებრივი გზავნილი, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, საქართველოს საგარეო უწყებამ ამ ჩარევების აღსაკვეთად უფრო მეტი სიმკაცრე უნდა გამოიჩინოს.
როგორც ყაველაშვილი აღნიშნავს, ჰერჩინსკისნაირი ადამიანები ევროკავშირს აზიანებენ.
„სამწუხაროა, რომ ევროკავშირის ელჩი, რომელიც 27 ქვეყანას წარმოადგენს და 27-ვე ქვეყნის სახელით საუბრობს, მსგავს განცხადებას აკეთებს. თავისთავად, საქართველოს მოქალაქეები საკმაოდ ინფორმირებულები არიან და საქართველოში არავის უთქვამს, რომ არ უნდა არსებობდეს ოპოზიცია. პირიქით ვართ ჩვენ განწყობილი, რომ აუცილებელია პოლიტიკური სივრცის გაწმენდა იმ გარე ძალების მიერ მართული ორგანიზაციების. პოლიტიკურ პარტიებს ვერ დავარქმევ, ეს არის პირდაპირ “მეხუთე კოლონა”, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით ასრულებენ დავალებას. სამწუხაროა, რომ 27 ქვეყნის სახელით მოსაუბრე ჰერჩინსკი, შესაძლებელია რომ მას პასუხისმგებლობაც დაეკისროს იმიტომ, რომ არიან ქვეყნები, რომლებსაც განსხვავებული აზრი აქვთ საქართველოს შიდა საქმეებთან დაკავშირებით. ეს ევროპარლამენტშიც გამოჩნდა. სხვადასხვა ევროპარლამენტარმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ „მსგავსი განცხადებები არის პირდაპირი ჩარევა და დაანებეთ საქართველოს მოქალაქეებს თავი, თავად უნდა აირჩიონ ვინ სურთ მათ ხელისუფლებაში”.
ეს არის მარტივი ჭეშმარიტება. როცა შენ წარმოადგენ 27 ქვეყანას, არ გაქვს უფლება, რომ მსგავსი განცხადებებით გამოდიოდე. რა თქმა უნდა, ერთპარტიული ხელისუფლება არავის სურს, არასდროს განგვიცხადებია, რომ ერთპარტიული ხელისუფლება გვჭირდება ან გვინდა. ჩვენ წლებია მოვახსენებთ საზოგადოებას, რას წარმოადგენენ ეს რადიკალური წარმონაქმნები.
მას [ჰერჩინსკის] პასუხი მოეთხოვება, იმიტომ, რომ 27 ქვეყნის სახელით საუბრობს. მე მივმართავ ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც და ჩვენ საგარეო კურსის წარმომადგენლებსაც, რომ მიმართონ იმ 27-ვე ქვეყნის ხელისუფლებებს, რომ მსგავს უფლებას აძლევს [თავის თავს] მათი წარმომადგენელი, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერიოს და მოსთხოვონ პასუხი, იმიტომ, რომ მისი დაკვეთა არის, რომ ამ მშვიდ გარემოში შეცვალოს პროცესი, რომ არ მისცენ “ქართულ ოცნებას” ხმა. იმიტომ, რომ პირდაპირ მოუწოდებს ხალხს, რომ თუ ეს ძალა იქნება ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება საქართველო. ეს არის დანაშაულებრივი გზავნილი,” – განაცხადა ყაველაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: “თუ გადაწყვეტთ, გარდაქმნათ საქართველო ერთპარტიულ სახელმწიფოდ, აკრძალოთ ოპოზიცია და განდევნოთ სამოქალაქო საზოგადოება, ქვეყანა არ გახდება ევროკავშირის წევრი, არც დღეს, არც ხვალ და 2030-ში”.