მიხეილ ყაველაშვილი – „ხალხის ძალა“ ყველაზე გაბედულები ვართ და ყოველთვის სიმართლეს ვიძახით

ეს პროცესები წინასწარ გვაქვს ნავარაუდები – ესეც გარედან ნაკარნახევი თემაა,- ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციური პარტიების ერთიანობის დეკლარაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
ყაველაშვილის თქმით, საზოგადოებაზე მიმდინარეობს შანტაჟი, რომლის მიზანიც ხელისუფლების ცვლილებაა.
„ხალხის ძალა“ ყველაზე გაბედულები ვართ და ყოველთვის სიმართლეს ვიძახით. სხვათა შორის, ეს პროცესები წინასწარ გვაქვს ნავარაუდები, როგორ განვითარდებოდა. ამ ძალებმა, რომლებიც თითქოს გაერთიანდნენ და შეიძლება 2 ან 3 ცენტრის შექმნა უნდათ, ერთიანობა, ერთიანი სიით გასვლა ვერ გადაწყვიტეს. ესეც გარედან ნაკარნახევი თემაა. სწორედ ამ კანონთან [“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”] მიმართებით, პოლიტიკოსების, თუნდაც ბორელის განცხადება, ეს ყველაფერი ემსახურება საქართველოს ხელისუფლების დაკნინებას არჩევნებთან დაკავშირებით. შანტაჟს ემსახურება, რომ თავად კანონზე კი არ საუბრობდნენ, ამბობენ, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება და ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირთან დაკავშირებას. ეს კარგი მასალაა საქართველოს მოქალაქეების, ხელისუფლების წევრების დაშანტაჟებისთვის.
ეს პოლიტიკოსები აღარც მალავენ, რომ ჩვენ იმიტომ კი არ უნდა გავიმარჯვოთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს უკეთესი მომავალი შევუქმნათ, უკეთესი ეკონომიკური შესაძლებლობები, უკეთესი ჯანდაცვის სისტემა, უკეთესი განათლების სისტემა, ამაზე კი არ საუბრობენ, არამედ იმაზე, რომ ჩვენ ეს ხელისუფლება უნდა დავამარცხოთ იმიტომ, რომ აგერ ხომ ხედავთ ევროკავშირის წარმომადგენლები რას საუბრობენ; ესენი ევროკავშირში ვერ შეგვიყვანენ. ამიტომ უნდა დამარცხდეს “ქართული ოცნებაო”. ეს შანტაჟი ერთმანეთთან კავშირშია, რომ ძალა ხელისუფლების შესაცვლელად გამოიყენონ”,- განაცხადა ყაველაშვილმა.