რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენს გარშემო , ჩვენ ყოველთვის უნდა დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესი – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო ჩვენს საზოგადოებას დღევანდელი დღე, ვიყოთ რწმენაში უფრო მტკიცე და გვჯეროდეს ერთმანეთის, ჩვენი ხელისუფლების -, ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა აშშ-ს მიერ ვენესუელაში ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციასთან დაკავშირებულ კითხვას.
მან ერთიანობის საჭიროებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს, როცა გამოწვევებია მსოფლიოში, მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ ერის გაერთიანებაზე.
“ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა გამოწვევებია მთელ მსოფლიოში, გლობალური გამოწვევები, ჩვენი ერი იყოს ერთიანი, ვიზრუნოთ ჩვენი ერის გაერთიანებაზე. დღევანდელი დღე სწორედ იმის მომასწავებელია, რომ უფრო მეტი სიყვარული იყოს ჩვენს ერში, უფრო მეტი რწმენის სიყვარული. რატომ ვიძახი ამას: იმიტომ, რომ უდიდესი დღესასწაულია დღეს – ქრისტესშობის და არ არსებობს სხვა ამაზე დიდი მოვლენა კაცობრიობაში, ვიდრე დღევანდელი დღე. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მღვდელმთავრები ჩვენი სასულიერო პირები, ჩვენი უწმინდესი ზრუნავენ და უდიდესია მათი ღვაწლი და ფასი, რომ ჩვენს ერში ასეთი დიდია ქრისტიანული მრწამსი, კიდევ უფრო მეტად უნდა გავიმყაროთ ჩვენ რწმენა, რადგან 1700 წელს ითვლის, როცა ჩვენი ერი ეზიარა ქრისტიანობას და ყველამ კარგად ვიცით, ჩვენი წინაპრებიდან მოყოლებული რას გადაურჩა და რამდენჯერ გადაურჩა ჩვენი ქვეყანა. სწორედ ამ რწმენამ მოგვიყვანა აქამდე, რომ შეუძლებელია დღეს საქართველოს წარმოდგენა ქრისტიანობის და მართლმადიდებლობის გარეშე. სწორედ ეს შერწყმა არის ჩვენი სამშობლოსი ქრისტიანობასთან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დღევანდელი დღის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თავისთავად ყოფით ნაწილში თითოეულ ჩვენგანს სხვადასხვა ვალდებულება და მოვალეობები გვაკისრია და ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც თავისი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, თავისი სამშობლოს გამოწვევებს აყენებს პირველ რიგში და ასეც გაგრძელდება. პირველ რიგში, რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენს გარშემო, ჩვენ ყოველთვის უნდა დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესი და ასეც გაგრძელდება. მე მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს საზოგადოებას დღევანდელი დღე, ვიყოთ რწმენაში უფრო მტკიცე, გვჯეროდეს ერთმანეთის, გვჯეროდეს ჩვენი ხელისუფლების, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა, რომ პირველ რიგში აუცილებელია, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე ვიზრუნოთ და ვიშრომოთ” , – განაცხადა ყაველაშვილმა.
მანამდე ყაველაშვილმა საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შობა მიულოცა.
“პირველ რიგში, მინდა, თითოეულ ჩვენს თანამემამულეს, თითოეულ ოჯახს, სრულიად საქართველოს მივულოცო ქრისტესშობის ბრწყინვალე დღესასწაული. ასევე, განსაკუთრებით ჩვენს საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებს მივულოცო ქრისტესშობის დღესასწაული და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს. განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიას, მის უწმინდესობას, ჩვენს პატრიარქს – მივულოცო და მადლიერება გამოვხატო იმისთვის, რომ ჩვენს ერში ასე მტკიცედ და მყარად არის ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი მართლმადიდებელი ქრისტიანობა და მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქე, ჩვენი თანამემამულე იყოს ბედნიერი. დღევანდელი დღე არის მართლაც უდიდესი დღესასწაული ქრისტიანობის და მინდა, რომ ყველამ გავიხაროთ ამ დღესასწაული”, – აღნიშნა ყაველაშვილმა.




