მიხეილ ყაველაშვილი – უნდა გავაძლიეროთ ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაცია, ასევე, განათლების სისტემის როლი ახალგაზრდების განვითარებაში – მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ იზრუნოს ოჯახების გაძლიერებაზე

ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაცია, უნდა გავზარდოთ განათლების სისტემის როლი ახალგაზრდების განვითარებაში, – ამის შესახებ საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეულმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე განაცხადა, სადაც პარლამენტს მოხსენებით მიმართა.
როგორც მან აღნიშნა, ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა მისი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იქნება.
„ცალსახაა, რომ ჰუმანური აქტი კარგია, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ორიენტირებული უნდა ვიყოთ დანაშაულის პრევენციაზე. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის პოპულარიზაცია. უნდა გავზარდოთ განათლების სისტემის როლი ახალგაზრდების განვითარებაში, ვიზრუნოთ სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებაზე. ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა ასევე იქნება ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება. ამ ყველაფერს მთლიანობაში პრევენციული ხასიათი ექნება და უზრუნველყოფს რომ, რაც შეიძლება დაბალი იყოს დანაშაულში ჩართულობის რისკები ჩვენს საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ გააერთიანა სპორტულმა მიღწევებმა და წარმატებებმა ჩვენი საზოგადოება, რამდენად სიყვარულით სავსე იყო ქართველი ხალხი ყოველი გამარჯვების დროს. ასევე უდიდესია კულტურის სფეროს როლი, რომელიც სიამაყით ავსებს თითოეულ ქართველს და აერთიანებს საერთო ისტორიის, კულტურისა და იდენტობის გარშემო. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ საზოგადოებაში ხელოვნური პოლარიზაციის ფონზე სპორტმა და კულტურამ განსაკუთრებული გამაერთიანებლის როლი უნდა ითამაშოს. მე ვაპირებ, წარმატებულ, ჩვენთვის საყვარელ სპორტსმენებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად არაერთი საინტერესო იდეის განხორციელებას, რომელსაც საზოგადოებას ახლო მომავალში გავაცნობ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მან ასევე ოჯახების გაძლიერების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ოჯახების გაძლიერებაზე იზრუნოს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს დემოგრაფიული საკითხები. ჩვენ ისედაც პატარა ერი ვართ და არაერთი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ამიტომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ იზრუნოს ოჯახების გაძლიერებაზე, იმ პირობების უზრუნველყოფაზე, რომელსაც პოზიტიური ეფექტი ექნება დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე. მიმაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ჩვენი მხრიდან, გვჭირდება საფუძვლიანი კვლევა და შესაბამისი სტრატეგიის განსაზღვრა უწყებათაშორისი კოორდინაციის საფუძველზე. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საპატრიარქოს და უშუალოდ პატრიარქს იმ უდიდესი ღვაწლისთვის, რასაც მრავალი წლის განმავლობაში ახორციელებს ჩვენი ერის გადასარჩენად და გასამრავლებლად. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში საპატრიარქოს როლი კვლავ უდიდესი იქნება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ