მსურს მკაფიოდ განვაცხადო, ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი, თანასწორობაზე დაფუძნებული ურთიერთობისთვის, რომელიც ორმხრივ ურთიერთსარგებლობას მოიცავს. ჩვენი გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, დაფუძნებული იქნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე, – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა დამოუკიდებლობის დღეს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველო ერთგულია ევროპული ღირებულებებისა და ევროპული იდეის მიმართ.
„საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ბევრი სისხლი გვაქვს დაღვრილი, რომელიც მძიმე იარად აქვს დამჩნეული ქართველ ხალხს. ქართველი ხალხის მტკიცე ხასიათი და გამორჩეული ვაჟკაცობა ყოველთვის მოიცავს თავგანწირვას საკუთარი ქვეყნისა და ოჯახისთვის. დარწმუნებული ვარ, ქვეყნისა და ოჯახისთვის თითოეული პატრიოტი ქართველი მზად არის საკუთარი სიცოცხლის დასათმობად, ჩვენი ამოცანა კი არის, არ დადგეს ეს საჭიროება, არ დასჭირდეს ქართველ ხალხს სიცოცხლის ფასად საკუთარი ქვეყნის დაცვა, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მშვიდ და სტაბილურ გარემოში პატიოსანი შრომით იზრუნოს საკუთარ ოჯახზე და სამშობლოზე.
მსურს, დღეს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა საქართველოს ერთგულებას საქართველოს ევროპული ღირებულებებისა და ევროპული იდეის მიმართ. ქართველი ხალხის ევროპულ კუთვნილებას საფუძველი ჯერ კიდევ ჩვენმა წინაპრებმა ჩაუყარეს, რადგან მათთვის ევროპული ღირებულებები სამართლიანობის მშვიდობის, ქრისტიანობის კულტურის, ტრადიციების ეროვნული იდენტობის დაცვისა და პატივისცემის ტოლ-ფასი იყო, რადგან მათ იცოდნენ, რომ ქართველი ხალხი ცივილიზაციური ევროპის თანაშემოქმედი და განუყოფელი ნაწილია. საქართველო საუკუნეების განმავლობაში სრულიად მარტო ევროპის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში უშიშრად და მტკიცედ იცავდა ქრისტიანულ და ევროპულ ღირებულებებს. ამას ჩვენი ერი ძალიან დიდი სისხლის და მსხვერპლის ფასად აკეთებდა. მსურს მკაფიოდ განვაცხადო, ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი თანასწორობაზე დაფუძნებული ურთიერთობისთვის, რომელიც ორმხრივ ურთიერთსარგებლობას მოიცავს. ჩვენი გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, დაფუძნებული იქნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე. საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის თანადგომით მტკიცე და ურყევი იქნება ამ პრინციპების დაცვაში.
არ დავუშვებთ, რომ ქართველი ხალხი მსხვერპლად შეეწიროს გარკვეული ძალების ინტერესს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
