: ბრიტანეთს აუცილებლად უნდა გავცეთ პასუხი “იმედისა” და “პოსტივის” სანქციებისთვის

15 მარტს გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტივისთვის“ სანქციების დაწესებას.

„აუცილებელია, პრეზიდენტმა დაიცვას მედიასაშუალებები“, თქვა მიხეილ ყაველაშვილმა, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა საარჩევნო კოლეგიამ აირჩია პრეზიდენტად 2024 წლის ბოლოს.

მისი თქმით, დიდ ბრიტანეთს ამის გამო აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი. მან სანქციებს აბსურდი უწოდა.

„ვცდილობდი, რომ ღიმილი მომეცილებინა ამ კითხვასთან დაკავშირებით, მაგრამ ვერ შევძელი, იმიტომ, რომ მართლაც წარმოუდგენელი აბსურდია, რომ ეს ორი ტელევიზია უკრაინაში გავლენას ახდენს და ბრიტანეთის მთავრობა აქ, საქართველოში ჩვენს ტელევიზიებს ასანქცირებს. სერიოზულად პასუხის გაცემა შეუძლებელია კონკრეტულად ამ ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ფაქტს თუ მივაბამთ, ჩვენ გვქონდა საუბარი, რომ ერთი ძალის მიერ მართული გზავნილებია, დასჯის მექანიზმი. არაფერი განსხვავება არ არის, მაგალითად, კანდიდატის სტატუსის არმინიჭებასა და „იმედისა“ და „პოსტივის“ დასჯასთან და დასანქცირებასთან დაკავშირებით ან ბიძინა ივანიშვილისა და ჩვენი მაღალჩინოსნების დასანქცირებასთან, ან „კამიტის“ მოგონილ თემასთან, ან რეზოლუციები, ან „ბიბისით“, „სიენენითა“ და ძალიან ბევრი მედიასაშუალებით გადაცემული, რომ ჩვენ ვკლავთ ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ ვაწამებთ და ა.შ. ესეც იგივე ნარატივია, ერთი ქსელია. მიუხედავად ამისა, ჩვენ პირიქით, პასუხისმგებლობითა და პატივისცემით ვეპყრობით ბრიტანეთს. აუცილებლად უნდა გავცეთ შესაბამისი პასუხი, რომ მიუღებელია მსგავსი აქტი“, განაცხადა ყაველაშვილმა.

24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან ზუსტად ოთხი წლის შემდეგ, დიდმა ბრიტანეთიმა განაახლა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სია. ამავე დროს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოში მოქმედ ორ პროსახელისუფლებო ტელევიზიას, „ტელეიმედსა“ და „პოსტივის“.

სანქცირების საფუძველია „დეზინფორმაცია დესტაბილიზაციის მიზნით“. ორივე ტელევიზიის შემთხვევაში სანქცირების ერთი და იგივე მიზეზია დასახელებული:

„ის ავრცელებს განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ ძირითადად საქართველოში მყოფ აუდიტორიაში, – ინფორმაციას, რაც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას ან ძირს უთხრის, ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას“.