საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი:
ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის გახსნის ცერემონიას მეუღლესთან ერთად დავესწარი.
ჩემთვის დიდი პატივია, რომ UNESCO-სთან ერთად, ეს შესანიშნავი ფესტივალი საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით იმართება, ვინაიდან, თანამედროვე მსოფლიოს კულტურულ რუკაზე საკუთარი, ღირსეული პოზიციის გასამყარებლად და ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად, ხელოვნება და კერძოდ, ამ ტიპის ღონისძიებები ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, ამ სფეროში, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავიზიტო ბარათია.
მადლობა ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს, ერთ-ერთ გამორჩეულ და წარმატებულ ქართველ ხელოვანს, რომლის უდიდესი ძალისხმევითაც, 12 წლის წინ, შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს ჩაეყარა საფუძველი.

დროთა განმავლობაში, აღნიშნული ფესტივალი საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კულტურულ მოვლენად იქცა, რომელმაც არაერთი ახალგაზრდა ტალანტის აღმოჩენასა და მათთვის გზის გაკვალვას შეუწყო ხელი. ამავდროულად, უამრავ ადამიანს გააცნო ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, ფოლკლორული ანსამბლები, რომლებიც საუკეთესოდ წარმოაჩენენ თავიანთი ქვეყნების ეროვნულ იდენტობასა და კულტურას, რაც ხელს უწყობს ერებს შორის ახალი კავშირების გაბმას. ეს განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას იძენს დღევანდელ, ომებით მოცულ მსოფლიოში.

მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, რომლებიც ფესტივალის ორგანიზებაში არიან ჩართულნი. ასევე, წარმატებებს ვუსურვებ ფესტივალის მონაწილეებს.
ღონისძიების ფარგლებში, იაპონელი ქართველოლოგისა და ტოკიოს მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის პროფესორის ჰიროტაკე მაედას ფოტოგამოფენა „კავკასიისა და კავკასიური სამყაროს შესწავლა 1995–2015“ დავათვალიერე.

შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის გახსნის ცერემონიას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, აჭარის მთავრობის წევრები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, სასამართლოსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




