ყაველაშვილი პარლამენტის მოქმედი დეპუტატია. საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე კი პარლამენტარების ბიოგრაფიული მონაცემებია გამოქვეყნებული, რომელშიც წერია სამუშაო გამოცდილებისა და განათლების შესახებ მონაცემები.
მაგალითად, მიხეილ ყაველაშვილის თანაგუნდელია სოზარ სუბარი, ორივე „ქართულ ოცნებაში“ ანტიდასავლური და ჰომოფობიური განცხადებებით ცნობილ პოლიტიკურ ჯგუფ „ხალხის ძალას“ წარმოადგენს. სუბარს ბიოგრაფიაში უწერია, რომ მან უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. განათლების შესახებ ველი ცარიელია მიხეილ ყაველაშვილის შემთხვევაში.
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრია 2016 წლიდან. მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტში ის „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს. 2022 წელს მისი განათლებით დაინტერესდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“.
ორგანიზაციას პარლამენტიდან აცნობეს, რომ რომ „პარლამენტის აპარატში არ არის წარმოდგენილი და შესაბამისად, არ ინახება საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ ყაველაშვილი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი“.
2015 წელს მიხეილ ყაველაშვილმა კენჭი ვერ იყარა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად იმ მიზეზით, რომ მას იმ დროს არ ჰქონდა უმაღლესი განათლების დამდასტურებელი დოკუმენტი.
„საბჭოთა კავშირის პერიოდში ისეთი სისტემა იყო, რომ წარმოუდგენელი იყო, ფეხბურთელს უმაღლესი განათლება მიეღო. ეს პრაქტიკა არსებობს მთელს მსოფლიოში. უეფას პრეზიდენტს, პლატინსაც არ აქვს უმაღლესი განათლება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის განზრახ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია ჩემს წინააღმდეგ. ამიტომ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ სასამართლოში და ვეცდები ჩემი სიმართლის დამტკიცებას. დებულება ორი წლის შინ მიიღო ფეხბურთის ფედერაციამ და მოვითხოვ მის გაუქმებას“, – ამბობდა 2015 წელს მიხეილ ყაველაშვილი.
აქვს თუ არა პრეზიდენტობის კანდიდატს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, ამ ინფორმაციის მისაღებად რადიო თავისუფლება დაუკავშირდა „ქართული ოცნების“ პრესსამსახურს. ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატისგან განსხვავებით, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს არ მოეთხოვება უმაღლესი განათლება.
მიხეილ ყაველაშვილმა, პარტია „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებთან ერთად, 2022 წლის აგვისტოში დააფუძნა მოძრაობა „ხალხის ძალა“ – მაშინ, როცა ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ელოდა. ოთხეულის მთავარი ამოცანა იყო „საზოგადოების სიმართლით აღჭურვა“. მოძრაობა პირველივე დღეებიდან გამოირჩეოდა ანტიდასავლური რიტორიკით, თავს ესხმოდნენ საქართველოში აშშ-ის ელჩსაც.
მოძრაობამ 2022 წლის 26 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერდა, რომ ქვეყნის მთავარი პარტნიორის – აშშ-ის – საელჩო საქართველოს „ხელისუფლების გადასატრიალებლად ყველაფერს იკადრებს“.
2023 წელს „ხალხის ძალის“ ინიციირებული იყო „აგენტების კანონი“, რომელმაც ათასობით ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში და, როგორც საქართველოს პარტნიორები ამბობენ, ქვეყანა დააშორა ევროინტეგრაციას.