მიხეილ სოცკი ჭიათურის მაღაროს თანამშრომლებს შეხვდა

დღეს, 20 მაისს, ჭიათურის საწარმოების ხელმძღვანელი, რუსი ბიზნესმენი მიხეილ სოცკი მაღაროს თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მაღაროელებმა რამდენიმე საკითხი დააყენეს, მათ შორის იყო:
· დაკავებული მაღაროელები,
· ხელფასები,
· დოკუმენტი, რომელიც კომპანიამ მაღაროს თანამშრომლებს ხელმოსაწერად შესთავაზა.
შეხვედრის დასაწყისშივე სოცკიმ მაღაროს თანამშრომლებს მიმართა, რომ „პოლიტიკურ საკითხებზე“ არ ესაუბრათ.
ამასთან, სოცკიმ განაცხადა, რომ დღეს საწარმო „სატირალ მდგომარეობაშია“ და ამიტომ საკითხების გადაწყვეტა, რომელსაც მაღაროელები აყენებენ, თანმიმდევრობას მოითხოვს.
„მე არ შემიძლია ერთ დღეში გადავწყვიტო ყველა საკითხი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში დაგროვდა. რიგრიგობით გადავწყვეტთ, ნელ-ნელა გადავწყვეტთ ყველა საკითხს. ვფიქრობ, ყველა საკითხის გადასაწყვეტად 2-3 თვე იქნება საჭირო. მოპოვებითი სამუშაოები უახლოეს 6 თვეში არ იქნება. თქვენ გექნებათ იმის დრო, რომ თქვენი პოზიცია გამოთქვათ“, – მიმართა სოცკიმ მაღაროს თანამშრომლებს.
რაც შეეხება მაღაროელებს, რომლებიც ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით არიან დაკავებული, სოცკის თქმით, იმისათვის, რომ მათ მიმართ სასჯელი მსუბუქი იყოს, დაკავებულებმა დანაშაული უნდა აღიარონ.
„ეს უჩემოდ მოხდა. ეს საკითხი ყველა შეხვედრაზე იყო წამოჭრილი. მე ვხვდები, რომ ეს პრობლემა არსებობს. მედალს აქვს ორი მხარე. პირველი მხარეა, რომ დაზიანდა ჩვენი თანამშრომელი და მე მიმაჩნია, რომ არცერთ ადამიანს აქვს უფლება მეორე ადამიანს ქვა ესროლოს. მედლის მეორე მხარეა, რომ იყო ძალიან დიდი ნერვული დაძაბულობა, წინა ხელმძღვანელობამ მდგომარეობა მიიყვანა იქამდე, რომ ხალხი მაქსიმალურად აგრესიული გახდა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს ქმედება უნდა დაისაჯოს, მაგრამ სასჯელი უნდა იყოს მაქსიმალურად მსუბუქი“, – განაცხადა სოცკიმ.
რაც შეეხება ხელფასებს, სოცკიმ მაღაროს თანამშრომლებს შესთავაზა, რომ 2-3 თვის განმავლობაში სახელფასო მიდგომას გადაიხედოს.
„მე გთავაზობთ გადავიდეთ სატარიფო სისტემაზე, რომელიც შეეხება მიწისქვეშა სამუშაოებს. მე გთავაზობთ, რომ თქვენთან ერთად პროფესიების მიხედვით ტარიფების სისტემა შევადგინოთ. სატარიფო სისტემა უნდა გამომდინარეობდეს დღევანდელი ხელფასებიდან. პროფესიისა და მაღაროს სირთულიდან გამომდინარე ავწიოთ ტარიფები 20%-მდე, რაც მოგცემს იმის საშუალებას, რომ მიიღოთ უბრალოდ 20%-მდე მეტი. გეგმის გადაჭარბების შემთხვევაში მიიღებთ ხელფასს ტარიფების პროპორციულად. ეს სისტემა „საქნახშირში“ დავნერგე და მუშაობს. ის პროფესიები, რომლებიც ვერ მოხვდებიან ამ გამომუშავების სისტემაში, უნდა გადავიდნენ ბონუსის სისტემაზე, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ მათაც მოემატოთ ხელფასი“, – განაცხადა სოცკიმ.
რაც შეეხება 60%-იან ანაზღაურებას, რისი გადახდის ვალდებულებაც კომპანიას დაეკისრა იანვარში მუშაობის პროცესის შეჩერების შემდეგ, სოცკის თქმით, ამ კომპენსაციას მაღაროს თანამშრომლები ახალი ხელშეკრულების ხელმოწერიდან მაქსიმუმ 20-30 დღეში მიიღებენ.
შეხვედრაზე დაძაბული განხილვა მოჰყვა დოკუმენტს, რომელიც კომპანიამ ხელმოსაწერად შესთავაზა მაღაროში დასაქმებულებს. კერძოდ, 24 აპრილს მაღაროელებმა დამსაქმებლისგან მიიღეს ერთგვარი შეთავაზება, რომელიც ეხება კომპანია “ჯორჯიან მანგანეზში” რეორგანიზაციის პროცესსა და მუშაობის შემდგომი გაგრძელების პერსპექტივებს. ერთგვერდიანი დოკუმენტი სულ 7 პუნქტისგან შედგება.
დოკუმენტში წერია, რომ დასაქმებულები ინფორმირებულები არიან რეორგანიზაციის შემდეგ არსებული საშტატო ნუსხის, ვაკანტური ადგილების, სამუშაო განაკვეთის, ანაზღაურებისა და სხვა დეტალების შესახებ და ზოგადად, აქვთ პასუხები მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე. თუმცა მაღაროელები ამბობენ, რომ გარდა შაბლონური განცხადებისა, რომელზე ხელმოწერისკენაც მოუწოდებენ, არანაირი განმარტებები არ მიუღიათ.
გარდა ამისა, მათ მიიღეს სატელეფონო შეტყობინებები, რომლის მიხედვითაც, თუ თავად არ გამოცხადდებიან ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად, კომპანიის წარმომადგენლები პირადად მიაკითხავენ მათ.
მაღაროელთა საინიციატივო ჯგუფი დანარჩენ დასაქმებულებს მოუწოდებდა, რომ არ მოეწერათ ხელი კომპანიის შეთავაზებულ პირობებზე, რადგან დოკუმენტი მთლიანად დამსაქმებლის ინტერესებზეა მორგებული, არ იძლევა არაფრის გარანტიას და არ ითვალისწინებს დასაქმებულთა საჭიროებებს.
მაღაროს თანამშრომლებმა სოცკის კითხეს, ავალებდა თუ არა ხელმძღვანელი კომპანიის წარმომადგენლებს, რომ თანამშრომლებისთვის ხელმოწერა დაეძალებინათ.
მისი თქმით, ამ დოკუმენტზე ხელმოწერები HR-ს სჭირდებოდა სამომავლოდ კონტრაქტების მოსამზადებლად.
„არავინ არ აპირებდა ეს ხელმოწერები ქუჩა-ქუჩა შემოეტარებინა როგორც ხატი… ამ ხელმოწერების საფუძველზე HR ხელშეკრულების დანართებს ამზადებს “, – განაცხადა სოცკიმ.
სოცკის ამ განცხადებას ერთ-ერთი მაღაროელის რეპლიკა მოჰყვა – „ეგ არის თავფურცელი და დანარჩენს მერე HR მიაბამს“.
კიდევ ერთმა მაღაროელმა კი დაამატა:
„საბოლოო დოკუმენტს ხელმოწერამდე თანმხლები პროცესები უნდა ახლდეს, გაცნობითი ხასიათის უნდა იყოს, დასაქმებულთან ყველა დეტალი უნდა იყოს შეთანხმებული და ამის მერე უნდა თქვას, რომ ეს ყველაფერი ცნობილია ჩემთვის და ხელს ვაწერ. ამ დროს არაფერი რომ არის ცნობილი, ისე აწერინებდნენ ხალხს ხელს და მერე რასაც უნდოდათ, იმას ამოარტყამდნენ უკანა მხრიდან და იტყოდნენ, რომ აი, შენ ამაზე მოაწერე ხელიო“, – განაცხადა ერთ-ერთმა მაღაროელმა.
პასუხად სოცკიმ მაღაროელებს კიდევ ერთხელ მიმართა, რომ შეხვედრა „პოლიტიკური“ განცხადებებისთვის არ გამოეყენებინათ.
„მე გთხოვთ შეწყვიტოთ საუბარი იურიდიულ თემებზე, რომელიც არ გესმით. ყურადღებით მომისმინეთ, დღევანდელი შეხვედრა არის კომპანია CMC-ის თანამშრომლებთან საწარმო საკითხებთან დაკავშირებით. შეწყვიტეთ სცენის გამოყენება პოლიტიკური განცხადებებისთვის“, – მიმართა სოცკიმ მაღაროს თანამშრომლებს.
მაღაროელების თქმით, სოცკი ყველა კითხვას პოლიტიკურ სარჩულს აბამდა, რაზეც პასუხი არ ჰქონდა.
„ჩვენიდან არის ყველაფერი პოლიტიკური? ისეთი კითხვა, რომელზეც არ ხართ კომპეტენტური ან პასუხს ვერ სცემთ, ცდილობთ პოლიტიკურ სარჩულს მიაწებოთ და ამით თავი აარიდოთ, არ გამოვა. კონკრეტულ კითხვას კონკრეტული პასუხი სჭირდება. სად ხედავთ პოლიტიკას ჩემს საუბარში?“ – განაცხადა ერთ-ერთმა მაღაროელმა.
სოცკიმ განაცხადა, რომ ვისაც მისი პასუხები არ მოსწონს, შეხვედრის შოუდ გადაქცევის საშუალებას არ მისცემს.
„ამ კონკრეტულ ადამიანს სამჯერ ვუპასუხე კითხვაზე, თუ ჩემი პასუხი არ აწყობს, ეს არ ნიშნავს, რომ აგრესიულად უნდა მოიქცეს. იმას გპასუხობთ, რაც სწორად მიმაჩნია. თუ გინდათ ჩემი პასუხები გაასაჩივროთ, გაქვთ ამის შესაძლებლობა, ოღონდ არა ამ ფორმატში. დღეს ეს შეკრება სამუშაო რეჟიმში მიდის. უფლებას არ მოგცემთ შოუდ აქციოთ ეს შეხვედრა, რასაც ახლა აკეთებთ. თქვენი მიმიკა და ღიმილები უადგილოა“, – მიმართა სოცკიმ მაღაროს თანამშრომელს.
ამ შეხვედრას წინ უძღოდა გუშინ, 19 მაისს, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ (CMC) მიერ გავრცელებული განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ის პირები, რომლებთანაც „სხვადასხვა მიზეზით“ ვერ მოხერხდა შრომითი ურთიერთობების გაგრძელება, დათხოვილ თანამშრომლებად განიხილებიან.
2025 წლის იანვარში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“, რომლის მფლობელობაშია ყველა მაღარო ჭიათურაში, მუშაობა დროებით შეაჩერა და თანამშრომლები ნაწილობრივ ანაზღაურებაზე გადაიყვანა. თუმცა მაღაროელები ამ ხელფასსაც ვერ იღებენ — 60%-იან ანაზღაურებას, რისი გადახდის ვალდებულებაც კომპანიას დაეკისრა მუშაობის პროცესის შეჩერების შემდეგ. მაღაროელების ინფორმაციით, საქმე ეხება 5000 თანამშრომელს, რომელთაგან 3000-ზე მეტი ჭიათურაში მუშაობს.
28 თებერვლიდან ჭიათურაში უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება.
7 მარტს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება. შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“, რომელიც ჭიათურაში მიწისქვეშა და ღია კარიერული წესით მანგანუმს მოიპოვებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გაკოტრების განცხადებით მიმართა.
23 აპრილს „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველი კომპანიის, CMC-ის განცხადებით, ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენა და რეორგანიზაცია დაიგეგმა, რომელსაც ს მოქალაქე მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს. კომპანიამ გადაჭრით მოითხოვა პროტესტის, პიკეტირების შეწყვეტა და მის ხედვაზე დამორჩილება.
ამის შემდეგ 24 აპრილს მაღაროელებმა დამსაქმებლისგან მიიღეს ერთგვარი შეთავაზება, რომელიც ეხება კომპანია “ჯორჯიან მანგანეზში” რეორგანიზაციის პროცესსა და მუშაობის შემდგომი გაგრძელების პერსპექტივებს. ერთგვერდიანი დოკუმენტი სულ 7 პუნქტისგან შედგება.
დოკუმენტში წერია, რომ დასაქმებულები ინფორმირებულეი არიან რეორგანიზაციის შემდეგ არსებული საშტატო ნუსხის, ვაკანტური ადგილების, სამუშაო განაკვეთის, ანაზღაურებისა და სხვა დეტალების შესახებ და ზოგადად, აქვთ პასუხები მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე. თუმცა მაღაროელები ამბობენ, რომ გარდა შაბლონური განცხადებისა, რომელზე ხელმოწერისკენაც მოუწოდებენ, არანაირი განმარტებები არ მიუღიათ.
გარდა ამისა, მათ მიიღეს სატელეფონო შეტყობინებები, რომლის მიხედვითაც, თუ თავად არ გამოცხადდებიან ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად, კომპანიის წარმომადგენლები პირადად მიაკითხავენ მათ.
ჭიათურელებს რამდენიმე მსხვილი მოთხოვნა აქვთ, რაც, მათივე თქმით, შემდგომ დეტალურ განხილვას და დაზუსტებას საჭიროებს:
· შეხვდნენ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები;
· გავიდეს ინვესტორი და სახელმწიფომ გადაიბაროს ჭიათურაში პასუხისმგებლობა სამთო წარმოებაზე;
· როდესაც აღდგება მუშაობა, მადნის ექსპორტიდან შემოსული თანხის 5% ჩაირიცხოს ფონდში, რომელიც ჭიათურელი ბავშვებისა და მოზარდებისთვის იქნება განკუთვნილი;
· ჭიათურასა და მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის დაინიშნოს უფასო ტრანსპორტი;
· მიეხედოს ქალაქის ეკოლოგიას, განსაკუთრებით ღია კარიერულ მოპოვებას;
· გაიყინოს ბანკის სესხები მუშაობის აღდგენამდე.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – მიხეილ სააკაშვილს სააპელაციო განხილვის უფლება, ფაქტობრივად, წაერთვა – სააპელაციომ, საზღვრის კვეთის საქმეზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა