სასწრაფო დახმარება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად იყოს რეაგირება ყველა იმ საჭიროებაზე, რომლის თაობაზეც ინფორმაციას ვიღებთ, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც სარჯველაძემ გურიის რეგიონში, საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, შემუშავდა გეგმა, რომლის მიხედვითაც მოქალაქეების საჭიროებები დაკმაყოფილდება.
„ეს არ არის მარტივი ამოცანა, ამისთვის ყელა რესურსი მობილიზებულია ყველა მიმართულებით. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამართულ მუშაობას და სასწრაფო დახმარება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად იყოს რეაგირება ყველა იმ საჭიროებაზე, რომლის თაობაზეც ინფორმაციას ვიღებთ“, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
ინფორმაციისთვის, დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. სამაშველო სამუშაოებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 600-მდე მეხანძრე-მაშველი და ათეულობით სპეციალური ტექნიკაა ჩართული, მათ შორის თოვლის ბურანები. ასევე გუშინ თავდაცვის ძალები დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში ჩაერთო.
