მიხეილ სარჯველაძე რატი ბრეგაძეს – ეს ის სამინისტროა, რომელთანაც განსაკუთრებულია ჩემი დამოკიდებულება, ეს არის რეფორმების მთავარი სამჭედლო

ეს ის სამინისტროა, რომელთანაც განსაკუთრებულია ჩემი დამოკიდებულება. ეს არის რეფორმების მთავარი სამჭედლო, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის” ფარგლებში იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მოუსმინეს.
მისივე თქმით, ამჟამად პენიტენციურ სისტემაში არავინ თვლის საჭიროდ, რომ მიმართოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წამების ან არაადამიანური მოპყრობის გარემოებებთან დაკავშირებით, რაც ქვეყნის წარმატებაა.
სარჯველაძის შეფასებით, გაწეული რეფორმების მიუხედავად, არის რიგი საკითხები, რომლებზეც მუშაობა კვლავაც გრძელდება.
„ეს ის სამინისტროა, რომელთანაც განსაკუთრებულია ჩემი დამოკიდებულება. უპირველესად მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო თითოეული თქვენგანის მიმართ, მინისტრის და ყველა მათგანის მიმართ ვინც აქ ბრძანდებით. განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო იუსტიციის სამინისტროს ყველა თანამშრომლის წინაშე. ეს არის ხალხი, რომელიც რეალურად ქმნის ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ეს არის რეფორმების მთავარი სამჭედლო. იუსტიციის სამინისტროს აქვს მისია, რომელსაც წარმატებით უძღვება დღეს. წარმატებულად ოპერირებს ეს სამინისტრო და ვუსურვებ ამავე ტემპში, ამავე წარმატებით საქმიანობას მთლიანად იუსტიციის სამინისტროს.
რიგი საკითხებია, რომელზეც გავაგრძელებთ მუშაობას. იქნება ეს საკუთრების უფლება, აღსრულების კოდექსი, პენიტენციური კოდექსი და მისი იმპლემენტაცია თუ დამისამართების და სისტემური რეგისტრაციის საკითხები. უკლებლივ ყველა საკითხზე არსებობს თანამშრომლობის ფორმატი. ოპოზიციას თუ სურვილი ექნება ქვეყნისთვის სასარგებლო რამ გააკეთოს, სწორედ ამ ფორმატებში ჩაერთვება და მცირეოდენ წვლილს მაინც შეიტანს ამ ყველაფერში”, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.