მიხეილ სარჯველაძე – ოკუპაციის კიდევ ერთი მსხვერპლი გვყავს და ეს ტრაგედიაა, მაგრამ ზოგიერთი ოპოზიციონერის მხრიდან რუსეთთან ენის მოჩლექასა და დამოკიდებულებების ცვლილების საჭიროებაზე საუბარი, ქვეყნის ინტერესების მტრობაა

მთელი საქართველოსთვის არის სამძიმარი სათქმელი, იმიტომ რომ გვყავს ოკუპაციის კიდევ ერთი მსხვერპლი და ეს არის ტრაგედია, რომელიც ქვეყანას სჭირს, მაგრამ სამწუხაროდ, აქ ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატის მხრიდან გაკეთებული განცხადებები ქვეყნის ინტერესების მტრობაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მან სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. მილიციელის მიერ ცემის შედეგად საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოხატა.
„რა თქმა უნდა, სამძიმრით დავიწყებ. მთელი საქართველოსთვის არის სამძიმარი სათქმელი, იმიტომ რომ გვყავს ოკუპაციის კიდევ ერთი მსხვერპლი. ეს არის ტრაგედია, რომელიც სჭირს ქვეყანას, მაგრამ, სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ აქ ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატის მხრიდან გაკეთებული განცხადებები, საუბარი ენის მოჩლექაზე რუსეთთან დაკავშირებით, დამოკიდებულებების ცვლილების საჭიროებასთან დაკავშირებით და ა.შ. სინამდვილეში, ეს არის გაგრძელება იმისა, რასაც ჰქვია პოლიტიკური დღის წესრიგი და ქვეყნის ინტერესების მტრობა. მტრობას პირდაპირ ვამბობ, იმიტომ რომ რეალურად, ყველას ძალიან კარგად ესმის და უპირველესად, ესმის საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას, რომ საქართველოს არავითარი ფუფუნება არ აქვს, ისაუბროს სხვა ნებისმიერ რამეზე, გარდა პრაგმატული, სწორი, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმაზე, რასაც შეუძლია საქართველოს დეოკუპაცია. ხომ კარგად გესმით ყველას ოპოზიციაშიც, მათ შორის, რომ მილიტარისტული განცხადებების კეთება არ არის ის, რაც საქართველოს დეოკუპაციას მოუტანს დღეს, ან რომელიმე მოქალაქის უფლების დაცვას. მე მგონი, ამასაც ყველა კარგად უნდა ხვდებოდეს და ხვდება კიდევ, მაგრამ სამწუხაროდ, ოპოზიციას აქვს დღის წესრიგი ისეთი, რომელიც განაპირობებს ამ შემთხვევაში სრულიად საპირისპიროს ლაპარაკს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, არსებული ცნობებით, ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქეს, თემურ კარბაიას, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს. თემურ კარბაია საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)