ფსიქოტროპული ნივთიერებების ბრუნვის მიმართულებით, მხოლოდ იმპორტიორები არ არიან საკითხთან დაკავშირებულ პირთა წრეში. არიან ექიმები, აფთიაქები. ამ კუთხით სერიოზული ნაკლოვანებებია – მოწოდება გვექნება ექიმების, აფთიაქების მიმართ, რომლებიც შესაძლოა გარკვეულ შემხებლობაში იმყოფებოდნენ სამკურნალო საშუალებებთან, რომ ფრთხილად იყვნენ ბოროტმოქმედებისგან – უმრავლეს შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ცალკეულში ვერ გამოვრიცხავ ადგილი ჰქონდეს სისხლის სამართლებრივ დევნას,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროცესზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, არავინ უნდა იყოს დაინტერესებული, რაც შეიძლება მაღალი იყოს იმ მედიკამენტების მოხმარება, რომელიც სინამდვილეში გამოიყენება არა სამკურნალო მიზნებით, არამედ ბოროტი დანიშნულებით.
„საკითხი ეხება ფსიქოტროპულ ნივთიერებას და ნარკოტიკული საშუალებების იმპორტის სფეროში კომერციული ინტერესის მაქსიმალურად შეზღუდვას. არ შეიძლება სისტემა იმგვარად იყოს ჩამოყალიბებული, სადაც კომერციული ინტერესი შესაძლოა წინააღმდეგობაში იქცეოდეს პაციენტის ინტერესთან, ჯანდაცვის ინტერესთან. ცალკეულ იმპორტიორებს ჰქონდათ დიდი კომერციული ინტერესი, რაც შეიძლება მეტი ყოფილიყო იმ მედიკამენტების მოხმარება, რომლის მეტი რეალიზაციის შემთხვევაში, მათი კომერციული ინტერესი მზარდი იქნებოდა. ვფიქრობ, მართებულია გადაწყვეტილება, სახელმწიფომ ჩაანაცვლოს ამ კატეგორიის მედიკამენტების იმპორტში კერძო კომპანიები. არავინ უნდა იყოს დაინტერესებული, რაც შეიძლება მაღალი იყოს იმ მედიკამენტების მოხმარება, რომელიც სინამდვილეში გამოიყენება არა სამკურნალო მიზნებით, არამედ ბოროტად.
ფსიქოტროპული ნივთიერებების ბრუნვის მიმართულებით, მხოლოდ იმპორტიორები არ არიან საკითხთან დაკავშირებულ პირთა წრეში. აქ არიან ექიმები, აფთიაქები. ამ კუთხით სერიოზული ნაკლოვანებებია. მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას, თუ როგორია პრაქტიკა, რა მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებია. მოწოდება გვექნება ექიმების, აფთიაქების, ადამიანების მიმართ, რომლებიც შესაძლოა გარკვეულ შემხებლობაში იმყოფებოდნენ ამ სამკურნალო საშუალებებთან, რომ თავი შეიკავონ, ფრთხილად იყვნენ ბოროტმოქმედებისგან, თავი შეიკავონ. შევეცდებით, მაქსიმალური იყოს გამოვლენა. ამას მოჰყვება რელევანტური სამართლებრივი პასუხისმგებლობები. უმრავლეს შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ცალკეულში ვერ გამოვრიცხავ ადგილი ჰქონდეს სისხლის სამართლებრივ დევნას ცალკეულ სამართალდარღვევებზე“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
მიხეილ სარჯველაძემ რეფორმის განხორციელების პროცესში გამოვლენილ მანკიერებებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფიქსირდებოდა ერთი და იგივე მომხმარებლის სხვადასხვა მიმწოდებელთან რეგისტრაცია, ასევე ნარკოტიკული საშუალებების გატანის მცდელობები.
„გვაქვს პრობლემები რომელიც უკავშირდება ნარკოტიკული საშუალებების გატანის მცდელობებს. იქ, სადაც ვამჩნევთ ასეთ გარემოებას, ბუნებრივია, სისტემა მზად გახლავთ, რაც შეიძლება მაქსიმალური წნეხი არსებობდეს ამ მიმართულებით. ამ გარემოების გამოვლენა ხორციელდება, მოწოდებული ვიქნებით რომ ასეთი ინციდენტები არ ფიქსირდებოდეს“, – აღნიშნა მინისტრმა.
