მიხეილ სარჯველაძე, მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურ რწმუნებულ იოახიმ შტამპს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი , მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურ რწმუნებულს, იოახიმ შტამპს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა, საქართველოსა და გერმანიას შორის, ცირკულარული მიგრაციის მიმართულებით, თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს.
„განიხილეს საზღვარგარეთ დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეების უფლებების მაქსიმალური დაცვა, ასევე – საქართველოში მცხოვრები და დასაქმებული უცხოეთის მოქალაქეების სისტემური აღრიცხვა.
შეხვედრაზე, საუბარი შეეხო „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ” შეთანხმებას, რომელსაც ხელი გასულ წელს მოეწერა. ხელშეკრულება მოიცავს დებულებებს უკანონო მიგრაციის შემცირებაზე, შრომითი ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობასა და საგანმანათლებლო სფეროში გამოცდილების გაზიარებაზე.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, აღნიშნული თანამშრომლობა, ხელს შეუწყობს ლეგალურ შრომით მიგრაციას, არალეგალური შრომითი მიგრაციის შემთხვევების შემცირებას, საქართველოს ფარგლებს გარეთ, შრომით მოწყობასთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობაზე სახელმწიფო მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებასა და მათი კანონიერი საქმიანობის წახალისებას.
თავის მხრივ, მიგრაციის საკითხებში გერმანიის მთავრობის სპეციალურ რწმუნებულმა, მიხეილ სარჯველაძეს, მიგრაციის პოლიტიკის მიმართულებით, გერმანული მხარის მიზნები და სამომავლო გეგმები გააცნო“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.