მერწმუნეთ, მიხეილ ყაველაშვილი არ იმსახურებს ასეთ კრიტიკას, არავისზე ნაკლები კანდიდატი არ არის, თუ მეტი არა, – ასე შეაფასა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ სარჯველაძემ ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად, მიხეილ ყაველაშვილია წარდგენილი.
როგორც მიხეილ სარჯველაძე განმარტავს, სიმბოლური ფუნქციის თვალსაზრისით აქცენტის გაკეთება გამორჩეულ პატრიოტიზმზე რელევანტურია.
„მიუღებელია, კითხვის ჩამოყალიბება, თითქოს შეურაცხმყოფელია რომელიმე კანდიდატურა. მიხეილი ჩემი მეგობარია, ამიტომ, რა საკვირველია, სუბიექტური ვიქნები. ეს ფაქტი ძალიან მახარებს. მინდა გამორჩეული პატრიოტიზმით გამოვყო. ვფიქრობ, ის სწორი არჩევანია. პატრიოტიზმია მთავარი ღირსება, რის გამოც არის სწორად შერჩეული კანდიდატურა. პრეზიდენტი ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით გახლავთ სიმბოლური ფუნქციის მატარებელი, სიმბოლური ფუნქციის თვალსაზრისით აქცენტის გაკეთება გამორჩეულ პატრიოტიზმზე რელევანტურია.
ეს არის კაცი, ვისაც უსახელებია საქართველო, საქმე მაღალპროფესიონალურად შეუსრულებია, მათ შორის დეპუტატობის დროს. ის შეძლებს ყველა გამოწვევის საპასუხოდ სწორი ნაბიჯების გაკეთებას. მერწმუნეთ, ტყუილად ეძებთ მის ნაკლოვანებებს, ან თუნდაც საკითხის ამგვარად დაყენებას, სხვა რომელიმე ღირსებული კანდიდატი შეიძლება ყოფილიყო თუ არა, კი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ მერწმუნეთ, რომ მიხეილ ყაველაშვილი არ იმსახურებს ასეთ კრიტიკას, არავისზე ნაკლები კანდიდატი არ არის, თუ მეტი არა. მე ვერ დავეთანხმები შეფასებას მის {ანტიდასავლურ რიტორიკაზე}“ – აღნიშნა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.