მიხეილ სარჯველაძე – ზურაბიშვილმა გადასარევად იცის, რომ არაფერ შუაში იყო ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრასა და ვიზიტთან – ეს იყო წარმატებული ვიზიტი, არ ვიცი მას კიდევ რით უნდა გაემდიდრებინა

ზურაბიშვილმა თვითონ მოისპო შესაძლებლობა, რომ რეალურად კონსტრუქციული წვლილის შემტანი ყოფილიყო ამ პროცესებში – ზურაბიშვილმა გადასარევად იცის, რომ ის არაფერ შუაში იყო ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრასთან და ვიზიტთან დაკავშირებით , – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი საქართველოს პრეზიდენტის ს განცხადებას, რომელიც მიესალმა საქართველოში სომხეთის პრემიერის ვიზიტს, თუმცა ამავდროულად მწუხარება გამოთქვა, რომ „შესაბამისი უწყებების მხრიდან არ ხდება პრეზიდენტის ინფორმირება ქვეყანაში დაგეგმილი მაღალი რანგის ვიზიტების, შეხვედრებისა თუ ღონისძიებების შესახებ“.
სარჯველაძემ საქართველოს ხელისუფლების მცდელობას, არ შედგეს თანამშრომლობა სალომე ზურაბიშვილთან, ლოგიკურად თანმიმდევრული უწოდა, იმ ქმედებების ფონზე, რომელმაც სარჯველაძის განმარტებით, იმპიჩმენტის პროცესის დაწყება გამოიწვია.
„ზურაბიშვილმა გადასარევად იცის, რომ ის არაფერ შუაში იყო ამ შეხვედრასთან და ვიზიტთან დაკავშირებით. რეალურად ეს იყო წარმატებული ვიზიტი, წარმატებული თანამშრომლობის რეზულტატები, რომლებიც იხილა საზოგადოებამ და არ ვიცი, მას კიდევ რით უნდა გაემდიდრებინა ეს ყველაფერი. მე მგონი, თვითონაც ამასთან დაკავშირებით არაფერი აქვს სათქმელი, თუმცა ამავდროულად, არ დაგვავიწყდეს, რომ ზურაბიშვილმა თვითონ მოისპო შესაძლებლობა, რომ რეალურად კონსტრუქციული წვლილის შემტანი ყოფილიყო ამ პროცესებში. მათ შორის, შეუთანხმებელი ნაბიჯებით, რეალურად მდგომარეობა იქამდე მიიყვანა, რომ აუცილებელი გახდა იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყება. მას შემდეგ, რაც იმპიჩმენტის პროცედურა დასრულდა ფორმალურად უშედეგოდ, (მაგრამ შინაარსობრივად, რა თქმა უნდა, ეს იყო შედეგის მომცემი), მე პირადად, ლოგიკურად თანმიმდევრული მგონია ხელისუფლების დამოკიდებულება, როდესაც ის ცდილობს, არ შედგეს თანამშრომლობა ზურაბიშვილთან. იქ, სადაც ფორმალური აუცილებლობა და ფორმალური ფორმატები არ არსებობს თანამშრომლობისა, რა საკვირველია, სხვა ინტერესი და სხვა მონდომება ხელისუფლებას ვერ ექნება, ხელისუფლებას, რომელმაც თქვა და დაარქვა სახელი ზურაბიშვილის მოღვაწეობას, როგორც მიზეზი იმპიჩმენტისთვის“,- განაცხადა სარჯველაძემ.
მისი შეფასებით საქართველოს პრეზიდენტი თავისი რიტორიკით, ქმედებებითა და პოლიტიკით სრულად ოპოზიციურია.
„ აშკარად გამოჩნდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომ ის არის უკვე ოპოზიციაში. ის არის თავისი რიტორიკით, თავისი ქმედებებით, თავისი პოლიტიკით ოპოზიციური, იმიტომ, რომ ის თავიდან ბოლომდე აჰყვე ოპოზიციის მიერ არჩეულ მავნებლურ პრაქტიკას, რომ ხელისუფლების დასაზიანებლად აირჩიეს, დაეზიანებინათ ევროინტეგრაციის პერსპექტივა. ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა რეალურად და როდესაც ასეთ ჩანაფიქრს გაუგებს ამომრჩეველი პოლიტიკოსს, რა თქმა უნდა, მისი შესაძლებლობები და შანსები კლებულობს. ის არის ერთი მხრივ ოპოზიციაში, მაგრამ ძალიან გაუჭირდება კეთილგანწყობის მოპოვება საზოგადოების მხრიდან, როგორც არ უნდა ეცადოს, 8 ნოემბრისა და 14 დეკემბრის შემდეგ შენიღბოს საკუთარი არასწორი დამოკიდებულება. იმას რომ, ზურაბიშვილი გახდეს ოპოზიციაში დიდი კონტრიბუტორი, გადაჭარბებულად ნუ შევაფასებთ, მას არ აქვს არც იმხელა მხარდაჭერა, არც სიმპათია საზოგადოებაში, რომ შეძლოს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ოპოზიციის გაუმჯობესებაში. თვითონ სალომე ზურაბიშვილისთვის ეს შეიძლება იყოს პოლიტიკაში ადგილის შენარჩუნების საშუალება, მაგრამ ოპოზიციას არაფრით გაამდიდრებს და პირიქით, შეიძლება გარკვეული ნეგატიური როლი შეასრულოს, ამას ანგარიში უნდა გაუწიოს თვითონ ოპოზიციამ“,- განაცხადა სარჯველაძემ.