მიხეილ სარჯველაძე – ვმუშაობ იმისთვის, რომ არცერთი პაციენტის ხმა მოუსმენელი არ დარჩეს – ღია კარის მტვრევა და შუამავლების მონაწილეობა საჭირო არ არის

მინდა ყველა პაციენტმა კარგად იცოდეს, რომ ვმუშაობ იმისთვის, რომ არცერთი პაციენტის ხმა მოუსმენელი არ დარჩეს. მოსმენისთვის ღია კარის მტვრევა და შუამავლების მონაწილეობა საჭირო არ არის , – ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მ, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამით ის გამოეხმაურა „კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებლის, გვანცა აფხაიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ გუშინ გამართულ შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა, ონკოპაციენტებს აგრესიული ფორმით მიმართა.
როგორც მან აღნიშნა, პაციენტების მოსასმენად პეტიციის ან გარკვეული აქციის საჭიროება ობიექტურად არ არსებობს.
მისივე თქმით, 9 აპრილს პაციენტებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, სამინისტრომ გარკვეულ საკითხებზე მუშაობა დაიწყო და სამუშაო პროცესს სკანდალური ინფორმაციები ხელს ვერ შეუშლის.
„ონკოპაციენტების და ზოგადად, ყველა პაციენტის მდგომარეობა, აზრი და შეხედულებები მნიშვნელოვანია. ჩემი მთავარი საზრუნავი მხოლოდ პაციენტი და მისი ტკივილია. ეს მთავარი რამაა, რაზეც სამინისტრო იმუშავებს. მინდა ყველამ კარგად იცოდეს, რომ არცერთ პაციენტთან კომუნიკაცია არასოდეს შემშლია და არც ამიერიდან შემეშლება. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. არც ჩემი მსოფლმხედველობით და არც ქცევით ამის საპირისპიროს თქმის მიზეზი არავისთვის მიმიცია. მინდა ყველა პაციენტმა კარგად იცოდეს, რომ ვმუშაობ იმისთვის, რომ არცერთი პაციენტის ხმა მოუსმენელი არ დარჩეს. მოსმენისთვის ღია კარის მტვრევა და შუამავლების მონაწილეობა საჭირო არ არის. ეს უნდა იცოდეს სამინისტროს ყველა თანამშრომელმა, უკლებლივ ყველა კლინიკამ, თითოეულმა პაციენტმა. ყველა თვითონ გადაწყვეტს ვინ რა გზით რას მოითხოვს, მაგრამ მინდა ყველა დავარწმუნო, რომ პეტიციის ან გარკვეული აქციის საჭიროება ობიექტურად არ არსებობს.
შეხვედრა გაიმართა, მაგრამ მის ფორმაზე აღარ ვისაუბრებ. დაახლოებით ორ საათიან შეხვედრას მათ შორის პაციენტებიც ესწრებოდნენ. თითოეული პაციენტის კონკრეტული სატკივარი მოვისმინეთ და სამინისტრომ საკითხების მოწესრიგებაზე მუშაობა დაიწყო. რა თქმა უნდა, გავრცელებული სკანდალური ინფორმაციები ხელს ვერ შეგვიშლის.“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე