მიხეილ სარჯველაძე – ელჩები ყოველგვარ ზღვარს შლიან რიგით ქართველ ოპოზიციონერსა და რომელიმე მეგობარი სახელმწიფოს ელჩს შორის – როცა მათ რიტორიკაში სხვაობა აღარ იგრძნობა, ეს სახელმწიფოს საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის უხეში დარღვევაა

ელჩები, პრაქტიკულად, ყოველგვარ ზღვარს შლიან რიგით ქართველ ოპოზიციონერსა და რომელიმე მეგობარი სახელმწიფოს ელჩს შორის – როდესაც მათ რიტორიკაში სხვაობა აღარ იგრძნობა, ეს, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის და ჩვენს სახელმწიფოს საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის უხეში დარღვევა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ელჩებმა ძალიან კარგად იციან, რომ კონკრეტულ ნორმებს არღვევენ, ამ დარღვევის ჩადენა უღირთ. სარჯველაძის განმარტებით, „უღირთ“ ნიშნავს, რომ მათთვის პრიორიტეტია სხვა რამ, ვიდრე ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპი და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემა“.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ნებისმიერმა ქართველმა ელჩმა იგივე განცხადებები რომ გააკეთოს, როგორსაც ზოგიერთი უცხოელი ელჩი აკეთებს, ეს „ასე მარტივად არ დამთავრდება“.
„ვენის კონვენციის მთელი არსი ის გახლავთ, რომ სახელმწიფოები პატივს სცემენ და უფრთხილდებიან სხვა სახელმწიფოთა სუვერენიტეტს და აქედან გამომდინარე დგინდება პრინციპის სახით, უცხო სახელმწიფოს პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპი. ამიტომ, განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა ელჩის საქმიანობა იმიტომ, რომ ის არ არის, რა თქმა უნდა, თავისუფალი, რომ აქტიურად მონაწილეობდეს პოლიტიკურ პროცესებში. სულ ერთია, რომელი მხარის სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, მართებულია შეფასება, როგორც ზოგადად, პრემიერ-მინისტრის მხრიდან გაკეთებული ამ თემასთან დაკავშირებით, ისე კონკრეტულ ელჩებთან, მათ ქმედებებთან დაკავშირებით, როდესაც ისინი პრაქტიკულად, ყოველგვარ ზღვარს შლიან რიგით ქართველ ოპოზიციონერსა და რომელიმე მეგობარი სახელმწიფოს ელჩს შორის. როდესაც მათ რიტორიკაში სხვაობა აღარ იგრძნობა ეს, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის და ჩვენს სახელმწიფოს საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის უხეში დარღვევა.
მერწმუნეთ, ნებისმიერმა ქართველმა ელჩმა რომ გააკეთოს იგივე განცხადებები, როგორსაც აკეთებენ ზოგიერთი ელჩები, იმ ქვეყანაში, სადაც ისინი იმყოფებიან, ეს ასე მარტივად არ დამთავრდება. თუ ვინმეს შეხედულება აქვს, რომ საქართველო უფრო ნაკლებად უნდა იმსახურებდეს რომელიმე პრივილეგიას და უფლებას ვენის კონვენციიდან გამომდინარე, ეს მცდარი შეხედულებაა. ამას ვერასდროს შევეგუებით. ამ ფონზე, მე მგონი, ნათელია, რომ უბრალოდ უსამართლო დამოკიდებულებასთან გვაქვს საქმე. შეგვიძლია ჩვენ ჩვენი ვარაუდები და ახსნა გვქონდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რით არის ეს განპირობებული. ვფიქრობ, არის რაღაც, რის გამოც, მიუხედავად იმისა, რომ ამ ელჩებმა ძალიან კარგად იციან, რომ ისინი არღვევენ კონკრეტულ ნორმებს, მათ უღირთ, ეს დარღვევა ჩაიდინონ. რა შეიძლება იყოს ამის მკვებავი, ეს საზოგადოებამ შეაფასოს. „უღირთ“ ნიშნავს, რომ მათთვის პრიორიტეტია სხვა რამ, ვიდრე ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპი, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემა,“ – განაცხადა სარჯველაძემ.