საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრ თეიმურ მუსაევს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ორმხრივი შეხვედრა, ბაქოში მიმდინარე, გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
„მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორობასა და საერთო პროექტებზე ისაუბრეს. განიხილეს ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით მიმდინარე პროგრამები. ასევე, იმსჯელეს ერთობლივ სამომავლო გეგმებზე.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, შეხვედრაზე, ორმხრივი თანამშრომლობის ფორმალიზაციისა და გაღრმავების პრაქტიკულ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ, რაც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ისე – აზერბაიჯანისთვის.
ორმხრივ შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე.
მიხეილ სარჯველაძე აზერბაიჯანის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში მონაწილეობს, სადაც ჯანდაცვისა და შრომის მიმართულებით, მთავრობის ხედვებსა და მიმდინარე პროგრამებზე ისაუბრებს.
კონფერენციაზე, ასევე, წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყნის პავილიონები. საერთაშორისო ღონისძიებაზე მოწყობილი საქართველოს კუთხე, ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ პატარაძესთან ერთად მოინახულა,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.