ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, „ანესთეზიოლოგია და ინტენსიური თერაპიისადმი“ მიძღვნილ რიგით მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
უწყების ინფორმაციით, ღონისძიებაზე, შეხვედრის მონაწილეებმა, ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიისა და ტკივილის მკურნალობის აქტუალური საკითხები, თანამედროვე მიდგომები და სიახლეები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო რადიოლოგიური მეთოდების გამოყენებას ანესთეზიოლოგიის, ინტენსიური თერაპიის, რეანიმატოლოგიისა და ტკივილის მკურნალობის პრაქტიკაში.
მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ანესთეზიოლოგია, რეანიმაცია, ტოქსიკოლოგია და გადაუდებელი მედიცინა ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირების ის მნიშვნელოვანი სექტორებია, რომელთა ფარგლებშიც, მომსახურების ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების დაცვას სრულიად განსაკუთრებული როლი ენიჭება.
„კონფერენციის თემატიკა ეხმიანება მედიცინის ისეთ მიმართულებებს, რომელშიც უშეცდომოდ და უნაკლოდ მკურნალობის მნიშვნელობა განსაკუთრებულად დიდია. ეს ის სექტორებია, სადაც განსაკუთრებულად დიდია მეტი ცოდნის, მეტი აკადემიური ცოდნის, ამ ცოდნის გაზიარებისა და გაღრმავების საჭიროება, რისი საუკეთესო საშუალებაც სწორედ აღნიშნული კონფერენციების ჩატარებაა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
საერთაშორისო კონფერენციას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.