მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიას 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დაეკისრათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ფინანსთა სამინისტროს სამოქალაქო სარჩელი და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდადებულ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას, სახელმწიფოს სასარგებლოდ ბიუჯეტში ჯამში 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დაავალა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გზირიშვილმა 29 სექტემბერს მიიღო.
ორივე მსჯავრდადებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს (ე.წ. პიჯაკების საქმე):
“ყველას გვესმის, რომ სასამართლო სისტემა ივანიშვილის მითითებებს ექვემდებარება. პიჯაკები რომ შეიძინა სააკაშვილმა მაშინ, როცა პრეზიდენტი იყო, ეს ფული აგვინაზღაურეთო; მაგალითად, დონალდ ტრამპს რომ გაუმასპინძლდა პრეზიდენტი საქართველოში სტუმრობისას, ეს ფული აგვინაზღაურეთო; მაგალითად, ვაცლავ ჰაველის საფლავზე რომ თაიგული იქნა მიტანილი, ამის ფული აგვინაზღაურეთ საკუთარი ჯიბიდანო. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? აქამდე ს საქმეებზე არაერთხელ ვიხილეთ შერჩევითი, პოლიტიკურად მოტივირებული, სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები. ამის პარალელურად, დაიწყეს ფინანსური დევნა… უნდათ, რომ ახლა მოვალეთა რეესტრში ჩასვან. სადაც არ უნდა გავასაჩივროთ, იქაც დაგვხვდებიან იგივე მოსამართლეები”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია.
ე.წ. პიჯაკების საქმეზე, 2025 წლის 12 მარტს მიხეილ სააკაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
ამის შემდეგ, თანხის ამოღების მიზნით, ფინანსთა სამინისტრომ წამოიწყო სამოქალაქო დავა ფულის გაფლანგვის საქმეზე, რომლის ოდენობაც, მათი მტკიცებით, 9 მილიონ ლარამდეა.
29 სექტემბერს სააპელაციო სასამართლო განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარემ გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლო ასევე განიხილავს პროკურატურის საჩივარსაც. სახელმწიფო ბრალდება ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას, თანხის გაფლანგვის საქმეზე, ჯარიმის სახით, 300 000 ლარის გადახდა დაეკისრა. პროკურატურა ჯანაშიასთვის პატიმრობას ითხოვს.