ჩემს განადგურებას ცდილობენ. ჩემი განადგურება არაფერია იმასთან შედარებით, რაც მათ უკვე გაანადგურეს, ქართული სახელმწიფოებრიობა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა. სააკაშვილის განცხადებით, „მას ხელისუფლება სამშობლოს სიყვარულისთვის სჯის“.
„ვერავინ გადაშლის იმას, რომ ჩვენ ვიყავით სიმბოლო საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული 9 წლის. ვისჯები იმიტომ, რომ გავბედე და შევქმენი თანამედროვე სახელმწიფო. ვისჯები იმიტომ, რომ ჭაობიდან, გაუბედურებიდან ბათუმი შევქმენი. ვისჯები იმიტომ, რომ ტურისტების რაოდენობა 50 ათასიდან 7 მილიონამდე მივიყვანე. ვისჯები იმიტომ, რომ კორუფცია დავამარცხე და არავის მივეცი საშუალება, ხალხის ხარჯზე ეხეირა. ვისჯები იმიტომ, რომ ჩემი სამშობლო მიყვარს და დავბრუნდი იქ, სადაც ყველაზე დიდი რისკი იყო, მათ შორის ჩემი სიცოცხლის. თუ ეს არ არის პოლიტიკური დევნა, მაშინ რა არის საერთოდ პოლიტიკური დევნა მსოფლიოში?! ამიტომ, მე ყველას მოვუწოდებ გამოფხიზლდეს. ყველას მოვუწოდებ გავერთიანდეთ. ის, ვინც ხშირად თავს არიდებს ჩემი სახელის ხსენებას, ის დემოტივაციას უკეთებს ჩემი მომხრეების აბსოლუტურ უმრავლესობას. მათ ყოველთვის მოვუწოდებ, რომ აქციების ნაწილი იყვნენ და აქციებზე იარონ. ჩვენ გვჭირდება ბევრი ხალხი, გამბედაობა, ერთიანობა. ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს. ამიტომ, ჩვენ ამ გზით უნდა ვიაროთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველომ პოლიტპატიმრების რაოდენობით ბელარუსსაც კი გაუსწრო. „ყველაზე სასტიკი, ბელარუსული რეჟიმი, ლუკაშენკოც აწარმოებს მოლაპარაკებებს და უახლოეს პერიოდში ყველა პოლიტპატიმრის გაშვებას აპირებს. საქართველოში პოლიტპატიმრებს მხოლოდ ამატებენ. ბელარუსს უკვე გადავუსწარით ტემპით და მონდომებით“,-განაცხადა სააკაშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტის განმარტებით, „სასაცილოა, როდესაც ვიღაცები თავს არიდებენ მისი პოლიტპატიმრის რიცხვში ხსენებას“.
„სინამდვილეში, ყველამ კარგად იცის, რისთვის ვარ მე აქ. გახსოვთ, რომ ლაპარაკობდნენ 9 მილიარდი დოლარი მოიპარაო. ალბათ, ახლა არ გახსოვთ, რომ ჩამოიყვანეს მთელი მსოფლიოდან გადამდგარი პროკურორები, იქნებ სააკაშვილს რამე მაინც ვუპოვოთ, „თითზე გადასახვევი მაინცო“. გახსოვთ, რომ ლაპარაკობდნენ სააკაშვილმა უამრავი ხალხი დახოცა, უამრავი ვაჟკაცი გააუპატიურაო. ბოლოს რაზე მასამართლებენ? საქართველოში დაბრუნებისთვის, პიჯაკებისთვის და სხვადასხვა საპრეზიდენტო ოფისის ხარჯებისთვის. ალბათ, იმ ხალხს უკვე ჰგონია, რომ ოლიგარქი უკვე მოიშორეს და ახლა მთავარია, სააკაშვილი არ მოუშვან არსად. ჯერ ერთი, არსად მოვდივარ და არსად მოშვება არ მჭირდება, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი ბრძოლა. მე მყავს ძალიან ბევრი მომხრე“,-განაცხადა სააკაშვილმა.
ექსპრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ „ბრძოლა საქართველოს გამარჯვებით დასრულდება“.
„მართალია, ზამთარია ქუჩაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოდის გაზაფხული და ასევე, მოდის თავისუფლება. ეს ბრძოლა აუცილებლად დაგვირგვინდება წარმატებით. ამაში დარწმუნებული ვარ. მინდა ყველას ვუთხრა, რომ ეს არის მძიმე ბრძოლა. ჩემი სრული სოლიდარობა ყველა პოლიტპატიმარს. ასევე, მინდა გამოვხატო ჩემი სოლიდარობა ტელევიზია „მთავარის“ ჟურნალისტური კოლექტივის მიმართ, რომელიც სხვადასხვა მანიპულაციებით დახურეს. თავის დროზე ძალიან დიდი წვლილი შევიტანე „მთავარის“ შექმნაში. ახლა მიმაჩნია, რომ მცირე ტელევიზიების, სოციალური ქსელების გამოყენება არის სატელევიზიო სივრცის მომავალი და ახალ შესაძლებლობებს უქმნის ჩვენს ძალიან საამაყო ჟურნალისტებს“,-განაცხადა სააკაშვილმა.
