მიხეილ სააკაშვილი – ტრამპი ხუმრობდა, „კარგია, რომ სააკაშვილს არ შეუძლია კენჭისყრა აშშ-ის პრეზიდენტად, თორემ კონკურენცია მექნებოდა“ – შეგიძლიათ ფიზიკურად გააგრძელოთ ჩემი განადგურება, მაგრამ ვერ შეძლებთ სულის გატეხას

დონალდ ტრამპი ხუმრობდა, „კარგია, რომ სააკაშვილს არ შეუძლია კენჭისყრა ამერიკაში პრეზიდენტად, თორემ მე კონკურენცია შემექმნებოდა“. რა თქმა უნდა, ეს ხუმრობა იყო, მაგრამ ამას ამბობდა დღევანდელი ამერიკის პრეზიდენტი, რომელიც არ იცვლის ხოლმე შეხედულებებს. ერთი ნაწილი ცდილობს ამისთვის ჩემს დასჯას იმისთვის, რაზეც მაქებდა , ხოლო მეორე ნაწილი ცდილობს ამის მიჩუმათებას. არც ერთი გამოგივათ და არც მეორე! – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვისას განაცხადა
სააკაშვილის თქმით, ის იბრძოლებს საქართველოს გათავისუფლებამდე, რადგან დღეს სწორედ საქართველოს გათავისუფლების საკითხი დგას.
„მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ბრძოლა აუცილებლად დაგვირგვინდება გამარჯვებით, საქართველო აუცილებლად იქნება თავისუფალი. როდესაც ვლაპარაკობთ ყველაზე წარმატებულ 9 წელზე, გავიხსენოთ დონალდ ტრამპი, რას ამბობდა. დღეს ბევრს იხილავთ დონალდ ტრამპის გამოსვლებს და განცხადებებს და გავიხსენოთ, რას ამბობდა ჩემი პრეზიდენტობის ბოლოს 2011-2012 წლებში საქართველოზე და ჩემზე. ის ამბობდა, „სააკაშვილი არის ნამდვილი ხატება, მთელი მსოფლიოსთვის მისაბაძი, სააკაშვილი არის ნომერ პირველი მებრძოლი კორუფციასთან, საქართველო არის ნომერ პირველი ეკონომიკური რეფორმატორი“. დონალდ ტრამპი ხუმრობდა, „კარგია, რომ სააკაშვილს არ შეუძლია კენჭისყრა ამერიკაში პრეზიდენტად, თორემ მე კონკურენცია შემექმნებოდა“. რა თქმა უნდა, ეს ხუმრობა იყო, მაგრამ ამას ამბობდა დღევანდელი ამერიკის პრეზიდენტი, რომელიც არ იცვლის ხოლმე შეხედულებებს. ერთი ნაწილი ცდილობს ამისთვის ჩემს დასჯას იმისთვის, რაზეც მაქებდა დონალდ ტრამპი, ხოლო მეორე ნაწილი ცდილობს ამის მიჩუმათებას. არც ერთი გამოგივათ და არც მეორე! თქვენ შეგიძლიათ ფიზიკურად გააგრძელოთ ჩემი განადგურება, მაგრამ თქვენ ვერ შეძლებთ ჩემი სულის გატეხას. მე ვიბრძოლებ ბოლომდე, ვიბრძოლებ გამარჯვებამდე. „ბოლომდე“ არ არის სწორი ტერმინი, „ბოლომდე“ – რის „ბოლომდე“? – ამ რეჟიმის ბოლომდე! საქართველოს გათავისუფლებამდე, დღეს დგას საქართველოს გათავისუფლების საკითხი. საქართველოს სჭირდება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, ეს უკვე შექმნილია. ძალიან საამაყო ახალგაზრდები არიან, ძალიან მაგარი იდეები აქვთ, ძალიან ბევრ მათგანთან ვარ კავშირში და კიდევ უფრო ბევრთან ვცდილობ კავშირის დამყარებას, მიუხედავად ყველანაირი შეზღუდვისა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, სააკაშვილის შეფასებით, მისი გასამართლებისთვის „ვითომ სასამართლო ეწყობა“.
„სასაცილოა და სამარცხვინო, საქართველოში შემოსვლისთვის [მასამართლებენ] იმ ადამიანს, ვინც შექმნა მთელი სასაზღვრო სამსახური, თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობა, ვინც შექმნა ის, რაც კიდევ შემორჩენილია საქართველოში და რასაც დიდი უროთი და ბულდოზერით არიან ესენი მიმდგარი და ანგრევენ ისე, როგორც ახლა გმირთა მოედანს ანგრევენ და უამრავი სხვა რაღაცა დაანგრიეს და გაანადგურეს. ეს ხალხი აწყობს ამ ცირკს, ვითომ სასამართლოს, თუ რაზე გამასამართლონ. გამასამართლონ იმიტომ, რომ თვითმფრინავში ვიყავი „შავ სიაში“ და თვითმფრინავით ვერ ჩამოვფრინდებოდი, საზღვარი დაკეტილი იყო. უცხოეთში გამომკეტეს, რომ საქართველოში არ ვყოფილიყავი და არ მევლო საქართველოს ქუჩებში, არ მქონოდა კონტაქტი ჩემ ხალხთან და ეს გრძელდებოდა მრავალი წელი. მე მაინც გავბედე, გადავლახე, წამოვედი და ჩემი სიტყვა შევასრულე ჩემ ხალხთან, ამისთვის აწყობთ ამ კომედიას და ცირკს. ძალიან მეცოდება ყველა, ვინც ამაში მონაწილეობს, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა ბოლოს“, – განაცხადა სააკაშვილმა.