ჩვენი საქმეები უკან და უკან მიდის. ჰიბრიდული ომია ის, რომ ყველაფერი გააბანძონ, ყველაფერი ტალახში ათრიონ. ხალხს უთხრან, რომ არაფრის ღირსები არ არიან, უუნარო, უნიჭო, მონური ფსიქოლოგიის უნდა იყვნენ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ვიდეოჩართვისას განაცხადა.
მან დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს პრეზიდენტის ხელფასი 3000-დან 4000 ლარამდე იყო, ამ ფულით კი „ვერც ტრამპს გაუმასპინძლდებოდა და ვერც ჰილარი კლინტონს“ და ეს ყველაფერი საპრეზიდენტო ოფისის ხარჯები იყო.
„ძალიან კარგად გვესმის რა საქმე იხილება დღეს აქ. დღეს იხილება საქმე, რომელიც იმ რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომელმაც 2012 წელს საქართველოში ხელისუფლებას ჩამოაშორა პატრიოტული მთავრობა, მოიყვანა რუსეთის პირდაპირი აგენტურა. დღესავით ნათელია ყველასთვის, ყველამ კარგად იცის, რომ იმის შემდეგ ჩვენი საქმეები უკან და უკან მიდის. ჰიბრიდული ომია ის, რომ ყველაფერი გააბანძონ, ყველაფერი ტალახში ათრიონ. ხალხს უთხრან, რომ არაფრის ღირსები არ არიან, უუნარო, უნიჭო, მონური ფსიქოლოგიის უნდა იყვნენ, ყველაფერი რაც მაშინ ხდებოდა არ იყო ის დიდი წარმატებები, რასაც მსოფლიო აღიარებდა. ჩვენ ვიყავით დემოკრატიის შუქურა, ეს ჩემი სიტყვები არ არის, ამერიკის პრეზიდენტის სიტყვებია. ამერიკის 3 პრეზიდენტი ჩამოვიყვანეთ საქართველოში, უამრავი სხვა სახელმწიფო მოღვაწე. ჩვენ ვიყავით ხელის გულზე სატარებელი, სანიმუშო მთელი მსოფლიოსთვის. ეს უნდათ რომ დაავიწყონ და ჩაანაცვლონ მეხსიერების ჩიპი ათასგვარი სისულელით. უნდა გვესმოდეს რომ ჰიბრიდული ომი არ არის ახალი, კარგად მახსოვს პრეზიდენტ გამსახურდიას რომ წაუყენეს ბრალად „მერსედესები“ იყიდა, ლომები და ვეფხვები ჰყავდა ვოლიერში დამწყვდეულიო. მაშინაც რუსული ხელწერა იყო, იგივე ხალხი, ხაინდრავა იყო მათი პროპაგანდისტი, ახლაც ისაა. დაემატა და გაზარდეს.
დღევანდელი საქმე რატომ დაიწყო?! 2015 წელს როდესაც ღარიბაშვილს ჰკითხეს ჩემს წინააღმდეგ აღძრული საქმის შესახებ, მან თქვა: „აბა არ ჩერდებოდა და რა გვექნაო“. პირდაპირ დაემთხვა ეს საქმე ჩემი უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად გახდომას.
2021 წელს როდესაც საქართველოში დავბრუნდი, ღარიბაშვილმა განაცხადა თუ არ გაჩერდება კიდევ დავუმატებთო. ზუსტად ეს ხდება. მე ვაგრძელებ ბრძოლას, ქართველი ხალხი აგრძელებს ბროლას. უნდათ, რომ დაგვაშინონ, კედელთან მიგვაყენონ, წაგვართვან მომავლის იმედი.
საქმე თუ აინტერესებს ეხება იმას, რომ პრეზიდენტის ოფისს აქვს ხარჯები. საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი მაშინ იყო 3000-დან 4000 ლარამდე. ახლა, ე.წ. დეპუტატების ხელფასები 3-ჯერ მეტია. ამ ფულით ვერც ტრამპს გავუმასპინძლდებოდი, ვერც ჰილარი კლინტონს. ვერც ძალიან ბევრი კულტურის მოღვაწის, საზოგადოებრივი აქტივისტების, უცხოელი დელეგაციების მიმართ საპრეზიდენტო საჩუქრებს დავარიგებდი. ეს ყველაფერი იყო საპრეზიდენტო ოფისის ხარჯები, რომელიც უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით გასაიდუმლოებული იყო, რომ არ სცოდნოდათ ჩვენ მტრებს პრეზიდენტი ვის ხვდებოდა, ვინ ჩამოდიოდა ჩვენთან. ეს ყველაფერი იყო “გრიფით საიდუმლო” იყო. ესენი მოვიდნენ და “გრიფით საიდუმლო” მოხსნეს მხოლოდ პრეზიდენტის ოფისის ხარჯებზე. თავად გააგრძელეს აქტიურ რეჟიმში ყველაფრის საიდუმლო ხარჯვა“,- აღნიშნა სააკაშვილმა.
