რამდენიმე თვითგამოცხადებულ ტიპს დაკავებული აქვს თვითნებურად სამთავრობო შენობები. მე თქვენს ადგილზე იმაზეც ვიფიქრებდი, რას ნიშნავს, რატომ სხედან ისინი შენობებში, რომელშიც არ უნდა ისხდნენ. ეს შენობები [ხალხმა] უნდა აიყვანოს თავისი დაცვის ქვეშ, მან უნდა აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი და მან უნდა ჩაატაროს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ახალი არჩევნები, – ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომიდან იმ ადამიანებს, ვინც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებას აპროტესტებს.
მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობამ არცერთ პოლიტიკოს არ უნდა მისცეს იმის უფლება, რომ ხალხის ბრძოლა მიისაკუთროს.
გარდა ამისა, სააკაშვილმა პროცესზე განმარტა, საქართველოში მისი დაბრუნების მიზეზები. მისი თქმით, ის საქართველოში დაბრუნდა, რათა ქვეყნის განადგურება და რუსეთისთვის გადაცემა, არ დაეშვა.
„ე.წ. საზღვრის კვეთის პროცესი, სინამდვილეში ჩემი სამშობლოში დაბრუნების პროცესი უკვე დამთავრებული უნდა ყოფილიყო, ყველაფერი გამოკვლეულიყო. არაფერი დამალული აქ არ არის. აქ ვიმყოფები, როგორც უკრაინის მოქალაქე, მაგრამ საქართველოს და უკრაინის პატრიოტი. მე ჩამოვედი იმისთვის, რომ არ დამეშვა ჩემი ქვეყნის საბოლოოდ განადგურება და რუსეთისთვის გადაცემა. ვგრძნობდი, რომ ყველა ამის ნიშანი სახეზე იყო და ჩემი ქვეყნის გადასარჩენად ჩავიგდე თავი სასიკვდილო საფრთხეში. ეს სასიკვდილო საფრთხე იყო, როგორც ჩამოსვლის მომენტში, ასევე შემდეგ, როდესაც ციხეში მომწამლეს, ახლაც პრაქტიკულად, ვიმყოფები ძალიან სარისკო პირობებში იმიტომ, რომ ყველა მხრიდან გარშემორტყმულები არიან უცხო ქვეყნის აგენტურა, რომელიც დაინტერესებულია ჩემი ფიზიკური განადგურებით, ვინაიდან ჩემი მორალური განადგურება ვერ შეძლეს. ამიტომ ეს პროცესი უნდა დაასრულოთ, გასარკვევი, გამოსარკვევიც არაფერი არ არის.
რაც შეეხება ჩემ ორმაგ პატიმრობას, რომლითაც მსოფლიო რეკორდი დაამყარეთ – ვფიქრობ, ამას გუშინ, უკრაინამ პასუხი გასცა. უკრაინის [სანქციები] მხოლოდ დასაწყისია, თქვენც იცით, რომ ამერიკასაც დასანქცირებული ჰყავს და ევროკავშირიც ამ მიმართულებიც იმოძრავებს. მინდა მივმართო ქუჩაში მყოფ ქართველ მოქალაქეებს. მეგობრებო, ეს არის მთლიანად თქვენი ბრძოლა, ეს არ არის არავის საკუთრება, ვერცერთი პოლიტიკოსი ამას ვერ მოაჯდება და არც მოისვათ არცერთი პოლიტიკოსი თავზე. ვერავინ ვერ მოაჯდება ამ ტალღას და ვერავინ საკუთარ თავზე ვერ მიიწერს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ქართველი ხალხი იბრძვის მთავარი უფლებისთვის, თავისუფლებისთვის.
„თქვენ აკეთებთ, თქვენ იბრძვით მთავარი უფლებისთვის, ეს არის თავისუფლება. ჩემი ცხოვრება შევწირე საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას, საქართველოს გამოგლეჯას იმპერიის კლანჭებიდან და ამის გამო ვისჯები აქ, ციხეში… ამ ბრძოლაში თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ. იმიტომ, რომ იზოლატორები გადავსებულია, სპეცრაზმი იშლება, წყლის ჭავლის მანქანის ეკიპაჟები გაექცათ, დამგეგმავი ამ ოპერაციის გაექცათ და არიან „წკიპზე“, კუთხეში მიმდგარები. ახლა მთავარია ამ კუთხიდან არ გამოუშვათ ეგენი. ახლა მთავარია არ მოვეშვათ. თქვენ ისე ბრწყინვალედ ხართ თვითორგანიზებული, რომ არავისგან არანაირი მითითება არ გჭირდებათ, თუნდაც ისეთი ძველი რევოლუციონერისგან, როგორიც მე ვარ.
თქვენ იცით რა უნდა გააკეთოთ. რამდენიმე თვითგამოცხადებულ ტიპს დაკავებული აქვს თვითნებურად სამთავრობო შენობები. მე თქვენს ადგილზე იმაზეც ვიფიქრებდი, რას ნიშნავს, რატომ სხედან ისინი შენობებში, რომელშიც არ უნდა ისხდნენ. ეს შენობები [ხალხმა] უნდა აიყვანოს თავისი დაცვის ქვეშ, მან უნდა აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი და მან უნდა ჩაატაროს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ახალი არჩევნები.
ასე დიდი ხანია არ მიამაყია საქართველოთი, დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო ყირაზე დგას, საქართველო მაინც არის წინა პლანზე. ეს გააკეთა ქართველმა ხალხმა. საერთაშორისო განცხადებები, რომელიც კეთდება, ასევე, ამერიკამაც სანქციები დააანონსა… არავინ არ მოგატყუოთ, ეს არ არის რომელიმე პოლიტიკოსის დამსახურება. ეს არის თქვენი დაუღალავი ბრძოლა“, – განაცხადა სააკაშვილმა.