“ნაციონალურ მოძრაობაში” იყვნენ მოღალატეებიც, კორუმპირებულებიც და უბრალოდ უმაქნისებიც, მაგრამ ეს ვერ აყენებს ჩრდილს იმ ფაქტს, რომ ენმ-მ შექმნა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეპოქა, საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“მინდა იმ ხალხს ვუპასუხო, ვინც აქა-იქ მაინც იმეორებს რუსულ ნარატივს, რომ ნაცმოძრაობამ ბოდიში უნდა მოიხადოს.
“ნაციონალურ მოძრაობაში” რა თქმა უნდა, ძალიან მცირე პროცენტით, მაგრამ მაინც იყვნენ მოღალატეებიც, კორუმპირებულებიც და უბრალოდ უმაქნისებიც, მაგრამ ეს ვერ აყენებს ჩრდილს იმ ფაქტს, რომ ენმ-მ შექმნა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეპოქა, საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.
ხოლო ბოდიშის მოხდას ვინც ითხოვს, სწორედ იმ ხალხმა უნდა მოუხადოს ბოდიში “ნაციონალური მოძრაობის” მრავალ ათას აქტივისტს იმისთვის, რომ არ დააფასეს მათი ფანტასტიკური შრომა, გაღებული ქართული სახელმწიფოს შექმნისთვის, იმისთვის რომ ხელს უწყობდნენ ან არ იმჩნევდნენ ამდენი ათასი ადამიანის უსამართლო დევნას 2012 წლის შემდეგ, შევიწროებას, სამსახურიდან და ქვეყნიდან გაგდებას, შეურაცხყოფას.
მათ ბოდიში უნდა მოიხადონ არა მხოლოდ ჩემი უსამართლო პატიმრობისთვის, არამედ მაგალითად ხობის პოლიციის ყოფილი უფროსის და ენმ-ს წევრის 5-წლიანი პატიმრობისთვის, რომელიც ჩემი ჩამოსვლის შემდეგ, ისე ყოველი შემთხვევისთვის დააპატიმრეს, ჩაუდეს რა იარაღი და რატომღაც არავის გაახსენდა მისი პოლიტპატიმრად მოხსენიება და ასევე ასეთი რამდენია”, – წერს სააკაშვილი.




