ევრობასკეტზე პირველად რომ გავედით, შერმადინი მაშინ მე მეფიცებოდა სიყვარულს. გაკვეთილია ყველასთვის, რომ მედროვეები არ უნდა გავიკაროთ მომავალში, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე წერს.
აღნიშნულით სააკაშვილი გამოეხმაურა კალათბურთელ გიორგი შერმადინის მიერ, გუშინ, უკრაინასთან მატჩის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძისთვის, სპორტის მხარდაჭერისთვის მადლობის გადახდას.
„გუშინ კალათბურთზე ნათლად გამოჩნდა, რომ „ქოცებს“ ყველგან ეწვით ფეხქვეშ მიწა. ამათ არხებმა მხოლოდ „ქარდების“ დადება შეძლეს, ასე რომ, ვირტუალურ რეალობასაც ვეღარ ქმნიან.
ევრობასკეტზე პირველად რომ გავედით, მაშინ ჩემს ნიკუშასთან ერთად ვიყავი თამაშზე და შერმადინმა გადამწყვეტი ქულები მოიპოვა, მაშინ მე მეფიცებოდა სიყვარულს. გაკვეთილია ყველასთვის, რომ მედროვეები არ უნდა გავიკაროთ მომავალში.
ვულოცავ უკრაინას მოგებას თბილისში. ქართული კალათბურთი ისევ ამოიწევს, როცა „ქოცები“ გაქრებიან!“- წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ, თბილისში, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე, უკრაინასთან მატჩში ანგარიშით 79:92 დამარცხდა. ეს შეხვედრა ქართველი გულშემატკივრების წინაშე ბოლო იყო გიორგი შერმადინისთვის, რომელიც სანაკრებო კარიერას ასრულებს. მატჩის შემდეგ სამადლობელი სიტყვისას დროს, გიორგი შერმადინმა ასევე მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რასაც დარბაზში მყოფი გულშემატკივრის ნაწილის უკმაყოფილება და სტვენა მოჰყვა.




