ჩვენ გვაბრუნებენ იმ ეპოქაში, როდესაც ჩინოვნიკებს საზოგადოებასთან არანაირი ანგარიშვალდებულება არ ჰქონდათ – თითქოს გვეხვეწებიან, მოდით 26 ოქტომბერს და დაგვასრულეთო! – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს,
მისივე თქმით, მმართველი გუნდის წევრები ყოველდღე ახალ უბედურებას იგონებენ და ხალხს სრულიად ღიად დასცინიან.
„ჩემს მიერ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობის დროს, ჯერ კიდევ 1998 წელს ინიცირებული ჩინოვნიკების ქონების საჯარო დეკლარირების სისტემა, ახლა ივანიშვილის პარლამენტმა გააუქმა. ჩვენ გვაბრუნებენ იმ ეპოქაში, როდესაც ჩინოვნიკებს საზოგადოებასთან არანაირი ანგარიშვალდებულება არ ჰქონდათ.
მოკლედ ყოველდღე ახალ უბედურებას იგონებენ და ხალხს სრულიად ღიად დასცინიან. თითქოს გვეხვეწებიან, მოდით, 26 ოქტომბერს და დაგვასრულეთო!,“ – წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების მიხედვით, საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციები დაუყოვნებლივ აღარ გასაჯაროვდება. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილების შედეგად, შესაძლებელი გახადა, რომ მაღალი თანამდებობის პირთა დეკლარაციები შევსებიდან 60 დღეც კი არ გასაჯაროვდეს. ცვლილებების მიხედვით, ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლები საჯარო მოხელეს დეკლარაციის შევსებიდან ერთი თვის ვადაში მიუთითებენ ხარვეზის შესახებ და მონაცემების შესაცვლელად ერთთვიან ვადას აძლევენ. კანონი ბიუროს თანამშრომელს შესაძლებლობას აძლევს, საჯარო მოხელეს შენიშვნების შესახებ 30-ე დღეს აცნობოს, თანამდებობის პირს კი ამ ხარვეზების გამოსასწორებლად ერთი თვე აქვს. კანონში ამ ცვლილებების შეტანამდე პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, მინისტრების, მოსამართლეებისა და სხვა საჯარო მოხელეების დეკლარაციები შევსებიდან 48 საათში ანტიკორუფციული ბიუროს ვებსაიტზე ქვეყნდებოდა.