მიხეილ სააკაშვილი – ახლა გვჭირდება ნამდვილი ნაციონალური მობილიზაცია – ჩვენი საარჩევნო სია უნდა იყოს აბსოლუტური უმრავლესობა ახალი ხალხით დაკომპლექტებული

მე მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ოქტომბერში წყდება არა მხოლოდ ერთი ს ბედი, წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი, შემდეგი 20-25 წლის განმავლობაში, მთელი თაობის ცხოვრების განმავლობაში. ჩვენ ახლა გვჭირდება ნამდვილი ნაციონალური მობილიზაცია – საქართველო გაიმარჯვებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციური ჩართვისას განაცხადა.
მან პარტიების გაერთიანების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაც ძირითადად ახალგაზრდებით უნდა იყოს დაკომპლექტებული.
„მე მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ოქტომბერში წყდება არა მხოლოდ ერთი არჩევნების ბედი, წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი, შემდეგი 20-25 წლის განმავლობაში, მთელი თაობის ცხოვრების განმავლობაში. წყდება ყველაფერი იმის ბედი, რაზეც ჩვენ ვდგავართ და მე მინდა გითხრათ შემდეგი რამ – დარწმუნებული ვარ, რომ იმ რეფორმების გამო, რომელიც ჩვენ გავატარეთ იმ 9 წლის განმავლობაში, იმ ცვლილებების გამო, რომელიც ჩვენ შევიტანეთ, იმის გამო, როგორც გამოვიყვანეთ საქართველო 90-იანების წყვდიადიდან და ჭაობიდან, საქართველოს ვერავინ უკან ვერ შეაბრუნებს. ახლა მთავარია ვიაროთ წინ, იმიტომ, რომ ეს არჩევნები არის არა მხოლოდ წარსულზე, ეს არჩევნები არის განსაკუთრებით და ექსკლუზიურად მომავალზე. ძალიან მარტივია დღევანდელი არჩევანი, დღეს საქართველოში ადამიანი, როგორც ცენტრი არის დაკარგული.
ჩვენი საარჩევნო სია უნდა იყოს აბსოლუტური უმრავლესობა ახალი ხალხით დაკომპლექტებული, არავის არ უნდა ვაწყენინოთ, ძველი გვარდია ძალიან მნიშვნელოვანია, ვარდების რევოლუციის იდეალი შეუცვლელია, მაგრამ სწორედ ამ ვარდების რევოლუციის იდეალზე აღმოცენდა ახალი ხალხი, ახალი ძალები, ახალი შემადგენლობა და ამ ხალხმა უნდა აიღოს ხელში“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ახლა ყველამ საქართველო უნდა დააყენოს ყველაფერზე წინ და პარტიები და თანამდებობები შემდეგ ადგილზე.
„ჩვენი ამოცანა არის ვკონცენტრირდეთ მომავალზე. ქვეყანა ყველაფერზე წინ- საქართველო უპირველეს ყოვლისა და პარტიები და თანამდებობები ამის შემდეგ. საფრანგეთში ნახეთ რა მოხდა, გაერთიანდნენ ყველაზე მტრული პარტიები და დაამარცხეს პრორუსი მარი ლე პენი, მათ ხომ მოახერხეს გაერთიანება?! ჩვენ რა მტრობა გვაქვს ერთმანეთში ასეთი? ჩვენ უნდა გავერთიანდეთ სხვადასხვა საზოგადოებრივ წრეებთან, სხვადასხვა ახალ ხალხთან, სხვადასხვა ვარსკვლავებთან ჩვენი საზოგადოების, რომლებიც აქამდე არ ყოფილან პოლიტიკაში, მაგრამ რომელთაც შეუძლიათ მთების გადაბრუნება და საქართველოს მოკაშკაშე ვარსკვლავად ქცევა. მე მჯერა საქართველოს ბრწყინვალების, მჯერა საქართველოს სიდიადის, მე მჯერა საქართველოს და თითოეული ქართველის ძალიან დიდი მომავლის, ამაში ვარ დარწმუნებული, როგორც არასდროს. ჩვენ მოვახერხებთ ამას, ჩვენი მომავალი არის ჩვენს ხელში და ჩვენი ბრძოლა არის განწირული გამარჯვებისთვის. ჩვენ დაბადებულები ვართ გამარჯვებისთვის, მე პირადად დაბადებული ვარ გამარჯვებისთვის. კი, მომწამლეს, კი ყველანაირი შეურაცხყოფა მომაყენეს, იატაკზე მათრიეს, მირტყეს, მაგრამ მაინც დავდექი ფეხზე, დავდგები კიდევ, როგორც საქართველო აუცილებლად დადგება ფეხზე ამ 12- წლიანი შურისძიების, ბოროტების, სიბნელის, პროპაგანდის, რუსული ნარატივების მიუხედავად. ჩამოიბერტყავს ტალახს და გააგრძელებს წინ მოძრაობას. მე მინდა გისურვოთ წარმატება, ჩვენ ახლა გვჭირდება ნამდვილი ნაციონალური მობილიზაცია, ჩვენ გვჭირდება თითოეულ ადამიანთან მისვლა. ჩათვალეთ, რომ თქვენთან ერთად მივდივარ ამ ადამიანებთან. საქართველო გაიმარჯვებს, თითოეული ჩვენგანი გაიმარჯვებს, ჩვენი ბრწყინვალება აღდგება და საქართველო დაუბრუნდება ოქროს ხანას. საქართველო იქნება ძალიან მაგარი ქვეყანა, შესაშური მთელი მსოფლიოსთვის, როგორც იყო, ამერიკის პრეზიდენტს როცა ვაცეკვებდით ჩვენთან აბანოთუბანში. ჩვენ აღარ ვიქნებით არავის დასაცინი, როგორც დღეს ვართ და არავის ხელსაკრავი. საქართველო გაიმარჯვებს, ჩვენ გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ სახელოვნად!“- განაცხადა სააკაშვილმა.