ვინც კი ჩვენი მეგობარი იყო, ფაქტობრივად, ყველა მათგანში ჩამოყალიბდა ერთი ცალსახა პოზიცია, რომ „ოცნება“ ჩვენი ევროინტეგრაციის და ევროპული მომავლისთვის მუხრუჭია , – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაზე საუბრისას განაცხადა, სადაც აღნიშნულია, რომ „საქართველოს მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ამოქმედება ქვეყნის მყიფე დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ არჩევანს ძირს უთხრის“.
როგორც დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, „ქართული ოცნება“ ვერ არწმუნებს ევროპელ მეგობრებს, რომ ევროკავშირში მიდიან.
„ყველაფერი კონკურენციაზე უნდა აეწყოს და ერთპიროვნული მმართველობა დავამთავროთ, როგორც მინიმუმ, ეს საჭიროა იმიტომ, რომ ევროინტეგრაციის გზას დავუბრუნდეთ. ბოლო პერიოდს რომ გადავხედოთ, ეუთოს დღევანდელ რეზოლუციაზეც ვსაუბრობდით, ვინც კი ჩვენი მეგობარი იყო, ფაქტობრივად, ყველა მათგანში ჩამოყალიბდა ერთი ცალსახა პოზიცია, რომ „ოცნება“ ჩვენი ევროინტეგრაციის და ევროპული მომავლისთვის მუხრუჭია. ეს იმდენად კონსოლიდირებული პოზიცია გახდა, რომ ქვეყნისთვის პრობლემა ხდება, მთელი ქვეყნისთვის გამოწვევა და სერიოზული დაბრკოლება ხდება. ეს პოლიტიკური კრიზისი რომ დავასრულოთ, ამისთვის საჭიროა, რომ ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა დავასრულოთ.
მარტო ქვეყნის შიგნით, მარტო ოპოზიციური ჯგუფი რომ ვიყოთ და ჩვენ ვსაუბრობდეთ, რომ „ოცნება“ ევროინტეგრაციას ხელს უშლის, კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ „ოცნებას“ თვითონ ევროპელები რომ ეუბნებიან, ევროპული ქვეყნები, ევროპული ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომ ევროინტეგრაციისთვის დაბრკოლებებს შენ თვითონ ქმნიო და შენ თვითონ ხელს უშლი ევროატლანტიკურ ინტეგრაციასო? მათ ვერ არწმუნებენ რომ ევროკავშირში მიდიან “, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
მიხეილ დაუშვილის განცხადებით, ამომრჩევლების დიდი ნაწილი, ვისაც „ქართული ოცნების“ სჯეროდა და მხარს უჭერდა, დღეს ოპოზიციურადაა განწყობილი.
„ბევრი ადამიანი, ვისაც ვხვდებით და ზუსტად ვიცით, რომ გუშინ „ოცნების“ ამომრჩეველი იყო, დღეს გადაწყვეტილი აქვს, რომ გამორიცხულია „ოცნებას“ მისცეს ხმა და ეძებს ალტერნატივას. ჩვენი ხედვა ასეთია, რომ საერთოდ აღარ გვინდა, რომ ერთი ადამიანი და ერთი ლიდერი იყოს. ჯერ იყო მიხეილ სააკაშვილი, მერე ბიძინა ივანიშვილი, ახლა ვიღაც ახალი უნდა გამოჩნდეს? ეს უნდა დავამთავროთ, აღარ შეიძლება ისევ ერთპიროვნულ მმართველობაზე წავიდეთ. ჩვენ გვინდა რეალური კონკურენცია“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.