სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება ახალი პროპაგანდისტულ-პიარული ხაზის დალაგების ნიშნებს ატარებს – სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებისა და გადატრიალების თაობაზე მსგავსი შინაარსის განცხადება იმდენჯერ წაგვიკითხავს და მოგვისმენია, რომ რთულია, ფაქტების გარეშე ნდობა გაგიჩნდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “საქართველოსთვის” წევრმა მიხეილ დაუშვილმა განუცხადა.
როგორც დაუშვილმა აღნიშნა, საზოგადოებამ ასეთ გამოძიებებზე დამდგარი შედეგი ვერასდროს ნახა, ამიტომ ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე სუს-ის განცხადების ნდობა რთულია.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მსგავსი შინაარსის განცხადებას უკვე მერამდენედ ვკითხულობთ. იმისათვის, რომ სუს-ის განცხადებას ნდობა გააჩნდეს, საჭიროა ფაქტები და მტკიცებულებები. ნდობა ამის გარეშე ვერ იქნება.
როგორც ჩანს, ეს არის რაღაც ახალი პროპაგანდისტული ხაზი – ჯერჯერობით ასე ჩანს.
არსებობს რაღაც ინფორმაცია, მაგრამ არ არის ფაქტები და მტკიცებულებები – რაღაც პროპაგანდისტული ხაზი ლაგდება”, – განაცხადა დაუშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სუს-ი იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.