გუშინ რაღაც ქარტიას აწერდი ხელს, დღეს გამოდიხარ და დეკლარაციას იღებ – ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში კითხვებს აჩენს, რომელი რა მიზანს ემსახურება – ჩვენთვის კოალიცია მიუღებელია როგორც “ნაცმოძრაობასთან”, ასევე ამ „ოცნებასთან“, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს.
მისი თქმით, აღნიშნულ დეკლარაციას ისინი იმიტომ არ უერთდებიან, რომ დეკლარაციაში მათი ყოფნა არანაირ შინაარსს არ ატარებს.
„გუშინ ჩვენს მოქალაქეებს წარედგინათ „ქართული ქარტია“, ახლა უკვე წარედგინათ ახალი დეკლარაცია. საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეები არ დავაბნიოთ. მათ კი არ უნდა უწევდეთ, რომ ახალ-ახალი ქარტიის თუ დოკუმენტის ირგვლივ იყოს საუბრები, არამედ მნიშვნელოვანია, რომ ერთი ხაზი არსებობდეს, რომელსაც მიჰყვება სტრუქტურული და ჩამოყალიბებული გეგმა. ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია რას ემსახურება ეს.
გუშინ რაღაც ქარტიას აწერდი ხელს, დღეს გამოდიხარ და დეკლარაციას იღებ – ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში კითხვებს აჩენს, რომელი რა მიზანს ემსახურება.
ჩვენ იმიტომ არ ვუერთდებით რომ მაგ დეკლარაციაში ჩვენი ყოფნა არანაირ შინაარსს არ ატარებს”, – აღნიშნა დაუშვილმა.
ამავე თემაზე საუბრისას, დაუშვილმა აღნიშნა, რომ მათთვის კოალიცია მიუღებელია, როგორც “ქართულ ოცნებასთან”, ასევე “ნაციონალურ მოძრაობასთან”.
ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ერთიანობის დეკლარაციაზე ხელმოწერა გულისხმობს ერთიანობას, როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ. ამასთან, მათივე თქმით, პარტიები ერთიანობის ყველაზე ეფექტური კონფიგურაციაზე არაუგვიანეს 8 ივლისამდე შეთანხმდებიან.
„დღეის მდგომარეობით, ამ დეკლარაციას ხელს აწერენ შემდეგი პოლიტიკური პარტიები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „გირჩი- მეტი თავისუფლება“; პარტია „ახალი“; „ლელო“; „დროა“; „სტრატეგია აღმაშენებელი“. დეკლარაციაზე მიერთების შესაძლებლობა მიეცემა სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც, მათი სურვილის შემთხვევაში“, – ნათქვამია ოპოზიციური პარტიების განცხადებაში.