მიხეილ დაუშვილი – ე.წ. კონტრაქციით „ოცნება“ უდიდესი საფრთხის რეალიზებას ახდენს, გვეუბნება: საზოგადოება ორად გავყავი და ახლა მოვიდა დაპირისპირების დრო – მათ მოქმედებებს საზღვარი აღარ აქვს

„ოცნება“ რასაც აკეთებს, ეს არ იქნება აქცია, სადაც ადამიანები თავისით რაღაცას ითხოვენ ან აპროტესტებენ, ხელისუფლება ამ ადამიანებს იძულებულს ხდის, რომ მივიდნენ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ 29 აპრილს “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ შეკრებაზე საუბრისას განაცხადა.
ს მტკიცებით, ადამიანები, რომლებიც 29 აპრილს „ოცნების“ შეკრებაზე მივლენ, საჯარო სამსახურში მუშაობენ ან რაღაც ფორმით დაკავშირებული არიან საჯარო დაწესებულებებთან.
„ეს დღეები რაც თბილისში ხდება, ეს არის აქცია, სადაც ახალგაზრდები და არა მხოლოდ ახალგაზრდები ჩვენივე სურვილით ვაპროტესტებთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას, იმიტომ, რომ გვჯერა, ეს არასწორი მოქმედებაა და ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე. „ოცნება“ რასაც აკეთებს ეს არ იქნება აქცია, ეს იქნება იმ ადამიანების მოყვანა, ვინც იძულებულია, რომ მოვიდნენ იმიტომ, რომ ან საჯარო სამსახურში მუშაობენ ან რაღაც ფორმით დაკავშირებული არიან საჯარო დაწესებულებებთან. უბრალოდ იძულებული არიან, სხვა გზა არ აქვთ, უნდა მივიდნენ. სხვა შემთხვევაში უბრალოდ პრობლემას შეუქმნიან „ოცნების“ წარმომადგენლები როგორც ქალაქებში, ასევე სოფლებში“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
მიხეილ დაუშვილის თქმით, თავისი მიზნის მისაღწევად „ოცნება“ დაპირისპირებაზეც კი წავა.
„ე.წ. კონტრაქციით „ოცნება“ იმ უდიდესი საფრთხის რეალიზებას ახდენს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. საზოგადოებას ორად ყოფენ და ერთმანეთს აპირისპირებენ. ახლა გვეუბნება, რომ საზოგადოება ორად გავყავი და ახლა მოვიდა დაპირისპირების დრო. ზუსტად ამას აკეთებენ 29 აპრილს. როგორ წარმოგიდგენიათ ერთ მხარეს ადამიანები, რომლებიც „ოცნების“ თქმით, კანონს იცავენ და მეორე მხარეს ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავენ, ხომ არის რისკი, რომ თვითონ „ოცნებისვე“ პროვოკაციით რაღაც მოხდეს. ამიტომაც დღეს მნიშვნელოვანია სიფრთხილე, კეთილგონიერება, მათ შორის ჩვენი, ოპოზიციის მხრიდან, რომ არ დავუშვათ დაპირისპირება. როგორც ვხედავთ, „ოცნება“ მზადაა, რომ ოღონდ თავის მიზანს მიაღწიოს, დაპირისპირებაზეც კი წაიყვანს ამ ქვეყანას. ფაქტობრივად, საზღვარი აღარ აქვს მაგათ მოქმედებებს“, – განაცხადა დაუშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, საყოველთაო-სახალხო შეკრებას გეგმავს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – რეგისტრირებული 30 000-ზე მეტი NGO-დან 25 000-მდე უმოქმედოა, აქედან უცხოურ დაფინანსებას 600-მდე იღებს და მხოლოდ 136-სთვის აღმოჩნდა გამჭვირვალობა მიუღებელი – 75%-ზე მეტისთვის კანონი პრობლემას არ წარმოადგენს