ბოლო 3 წელიწადს რომ გადავხედოთ, ივანიშვილი ორჯერ თუ სამჯერ გამოჩნდა და ვისზეც ილაპარაკა, იყო გიორგი გახარია. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ დღეს, „ქართული ოცნების“ ერთადერთი და ყველაზე ძლიერი კონკურენტი და მეტოქე, ვინც არის, ეს არის გახარია და მისი გუნდი და სხვა არავინ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.
როგორც დაუშვილი აღნიშნავს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს სხვა გზა არ ჰქონდა, რომ ისე გაეგრძელებინა ცხოვრება, როგორც აქამდე და ამიტომაც დაბრუნდა პოლიტიკაში.
„რეალობა არის შემდეგი: ერთი მხრივ, „ქართული ოცნება“ მხარდაჭერის ისტორიულ მინიმუმზე დავიდა, ასევე „ნაციონალური მოძრობაც“ და ამ ყველაფერმა ბიძინა ივანიშვილი აიძულა, გამოჩენილიყო. ივანიშვილს სხვა გზა არ ჰქონდა, რომ ისე გაეგრძელებინა ცხოვრება, როგორც აქამდე. არ ვამბობ, რომ ეს არის ერთადერთი მიზეზი, რომლის გამო დაბრუნდა პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, სხვა მიზეზებიც არის.
მანამდე თუ ფიქრობდა, რომ ეს არჩევნები გადაეგორებინა „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის საფრთხობელად გამოცხადებით და ხალხის დაშინებით, დაინახა, რომ ეს არ მუშაობს. ხალხს უკვე აღარ ეშინია, არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც სააკაშვილის. ამას დაემატა ისიც, რომ „ოცნების“ მხარდამჭერები მინიმუმზე ჩამოვიდა“,- განაცხადა დაუშვილმა.
მისივე მოსაზრებით, ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნებით დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებაში“ „არაფრის მაქნისები არიან“.
„ბოლო 3 წელიწადს რომ გადავხედოთ, ორჯერ თუ სამჯერ გამოჩნდა, სამივეჯერ მთავარი, ვისზეც ილაპარაკა იყო გიორგი გახარია. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ დღეს, „ქართული ოცნების“ ერთადერთი და ყველაზე ძლიერი კონკურენტი და მეტოქე, ვინც არის, ეს არის გახარია და მისი გუნდი და სხვა არავინ. ამიტომაც ილაპარაკა გახარიაზე ამდენჯერ. აბსოლუტურად უსაფუძვლოდ მოღალატე უწოდა. ამის შემდეგ გახარიამ ღიად შესთავაზა დებატები. რაში წერია, რომ უსაფუძვლოდ გამოვარდე, მიძახო მოღალატე და მერე ვერ გაბედო და გამოხვიდე.
დღევანდელ ბიძინას შეხედეთ ვინ იცავს?კეზერაშვილის მოადგილე (ლევან ნიკოლაიშვილი), ირაკლი კობახიძე. 2012 წლის მერე წარმოიდგენდით, რომ ბიძინა ივანიშვილი თავს დაიცავდა კეზერაშვილის მოადგილეებით, კობახიძეებით და ამ გაურკვეველი ხალხით? წარმოიდგინეთ, რამხელა შიშთან გვაქვს საქმე.
ესენი (ქართული ოცნება“) თავის საქმეს კარგად რომ აკეთებდნენ, რატომ დასჭირდა კიდევ ერთხელ გამოჩენა. თვითონ დაადასტურა, რომ არაფრის მაქნისები არიან“,- განაცხადა დაუშვილმა და დასძინა, რომ უჩვეულოა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის „ჩუმად“ ყოფნა, მას შემდეგ, რაც ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა.