საერთოდ, განსაკუთრებით ახალგაზრდების წინააღმდეგ არასდროს არცერთ ხელისუფლებას არ გაუმარჯვია. შეიძლება ერთ კონკრეტულ ეპიზოდში რაღაც წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველა ვარიანტში დამარცხდები, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც მარტის აქციების დროს დაკავებული, ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესზე დასმულ კითხვას უპასუხა.
მისივე თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით განაჩენი შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს დაეყრდნოს.
„ლაზარეს ამბავს რაც შეეხება, ჩვენი მიდგომა არის ძალიან მარტივი, რომ უნდა დადგინდეს ჭეშმარიტება, სიმართლე და მხოლოდ ეს უნდა იყოს განაჩენის საფუძველი, იქნება თუ არ იქნება. საერთოდ, განსაკუთრებით ახალგაზრდების წინააღმდეგ არასდროს არცერთ ხელისუფლებას არ გაუმარჯვია. შეიძლება ერთ კონკრეტულ ეპიზოდში რაღაც წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა ვარიანტში დამარცხდები. ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ ახალგაზრდებთან ვერავინ გაიმარჯვებს. მომავალ თაობასთან და მომავალთან გამარჯვება შეუძლებელია. რაც შეეხება უშუალოდ ამ საქმეს, ამ შემთხვევაში განაჩენი შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს დაეყრდნოს. თუ ასეთი უტყუარი მტკიცებულებები არ და ვერ იქნება მაშინ ვერც განაჩენი იქნება”, – აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.
ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი 8 აპრილამდე გადაიდო. სასამართლო პროცესის გადადების მიზეზი ბრალდებულის სხდომაზე გამოუცხადებლობა გახდა.