ტექნოლოგია, რომელიც ადამიანის გონებას ხმით კითხულობს და შიფრავს – ეს რეალობაა და ის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში შეიქმნა. ახალი მეთოდი ადამიანის მიერ საუბრისას წარმოქმნილ ინტონაციას, პაუზებს, რიტმს, ენერგიას და სხვა პარამეტრებს დეტალურად აანალიზებს და ამ მონაცემების საფუძველზე, მაღალი სიზუსტით და უმოკლეს დროში ადგენს მის ფუნქციურ ფსიქოლოგიურ სტრუქტურას.
როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ბატიაშვილი განმარტავს, თითოეულ ადამიანს უნიკალურ გენეტიკური და ფსიქოლოგიური კოდი გააჩნია. BTU-ს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე Humanos სისტემა სწორედ ამ კოდს, Humanos ინდექსს ავლენს. ტექნოლოგიის შესახებ დეტალურად თავად მიხეილ ბატიაშვილი გვესაუბრება.
ბატონო მიხეილ, რომ აგვიხსნათ, რა არის და როგორ მუშაობს HumanOS?
HumanOS ახალი თაობის ტექნოლოგიური ინსტრუმენტია, რომელიც ადამიანის 5-განზომილებიან ხმოვან მონაცემებზე დაყრდნობით, ინტონაციის, საუბრის ტემპის, რიტმისა და ემოციური ტალღების ანალიზის მეშვეობით ქმნის მის ფსიქო კოდს. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ საუბრის ჩანაწერის საფუძველზე, სპეციალურად შემუშავებული ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტი ამოიცნობს ტალღურ კოდებს. აღნიშნული კოდები დაკავშირებულია ადამიანის ფსიქოლოგიურ სტრუქტურასთან და ახდენს მათ ინტერპრეტაციას იმ სიზუსტითა და სიღრმით, რაც აქამდე ვერც ერთმა სისტემამ ვერ შეძლო.
როგორ გაჩნდა HumanOS-ის შექმნის იდეა?
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი რამდენიმე წელია აქტიურად არის ჩართული ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში. ეს ინოვაციური პროდუქტიც შეიქმნა BTUAI-ის პლატფორმაზე, რომელიც ფსიქოლოგიის, ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტთა კომპეტენციას აერთიანებს.
მიმდინარე წლის გაზაფხულზე BTUAI-ის პლატფორმას დაემატა გერმანული მხარის დახმარება, რომლის ფარგლებშიც ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია მნიშვნელოვნად გაფართოვდა. შედეგად, უნიკალური შესაძლებლობა მოგვეცა, რომ საქართველოს მასშტაბით არერთი ინოვაციური, ტექნოლოგიური პროექტი განვახორციელოთ. სწორედ მათ შორისაა HumanOS.
უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიაში მანამდეც აქტიურად ვმუშაობდით ადამიანის ხმის წაკითხვასა და ანალიზზე. ამ პროცესში აღმოვაჩნეთ, რომ როდესაც ადამიანი მეტყველებს, ხმას მოჰყვება ისეთი კოდირებული ინფორმაცია, რომელიც მის შესახებ აქამდე წაკითხული არ იყო. ხმას გამოყოლილი ტალღები ადამიანის შესახებ უნიკალურ ინფორმაციას იძლევა. ჩვენ შევძელით, რომ ადამიანის ხმასთან ერთად ეს ინფორმაციაც წაგვეკითხა.
როგორ მიმდინარეობდა კვლევა? როგორი იყო პირველი შედეგი და მისი შემდგომი განვითარება?
პირველი ექსპერიმენტები საკუთარ თავზე ჩავატარეთ და მართლაც გაოცებული ვიყავით, რადგან ჩვენს თავში ბევრი ისეთი საინტერესო რამ აღმოვაჩინეთ, რაც მანამდე არც ვიცოდით. ამას მოჰყვა კვლევის პირველი ეტაპი, რომლის ფარგლებშიც 500 ინდივიდუალური ქეისი და ხმოვანი ჩანაწერი გაანალიზდა. მეორე ეტაპზე ჩართულია 1200 რესპონდენტი, რაც მონაცემთა მასშტაბის ზრდას და შედარებით ანალიზს უზრუნველყოფს.
შედეგად, ნახევარწუთიანი აუდიო ფაილის წაკითხვით ხელოვნური ინტელექტის მიერ ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტის დადგენაა შესაძლებელი. ეს მოიცავს მისი აზროვნების სტრუქტურას, ემოციებს და ყველა იმ კომპონენტს, რომელიც ფსიქოლოგიაშია მიღებული. ვიღებთ ინფორმაციას, თუ როგორ იქცევა კრიზისულ სიტუაციაში, როგორ წყვეტს ამოცანებს, როგორ იღებს სტრატეგიულ გადაწყვეტილებას, როგორ შეუძლია საკუთარი თავის გაუმჯობესება, როგორია მისი აზროვნების არქეტექტურა, რამდენად ემოციურია, როგორ ახდენს სოციალიზაცაის და სხვა.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ შევქმენით ტექნოლოგია, რომელიც ადამიანზე უნიკალურ ინფორმაციას იძლევა. ეს არის ქართული მეცნიერების განვითარების უდიდესი შესაძლებლობა.
საინტერესოა, რომ კვლევის პროცესში გამოვიყენეთ ძველი ქართული ხმები, რომლებიც დღემდეა შემონახული. მათ შორის იყო: აკაკი წერეთელი, გალაკტიონ ტაბიძე, ელენე ახვლედიანი და სხვა. ჩვენთვის მათი ფსიქოპორტრეტების ანალიზი ძალიან საინტერესო და ამავდროულად, ემოციური იყო. მართლაც უნიკალური გამოცდილება მივიღეთ და ამ ადამიანებს სულ სხვა თვალით შევხედეთ, სხვანაირი პატივისცემა გაგვიჩნდა.
თქვენი აზრით, კვლევის მეორე ეტაპი (1200 ადამიანი) საკმარისია საბოლოო, სრულყოფილი შედეგის მისაღებად?
სამეცნიერო თვალსაზრისით, ეს ციფრები კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. თუმცა კვლევა გაგრძელდება, რადგან ტექნოლოგიის განვითარებაზე ვმუშაობთ. არაერთი მაღალი დონის სპეციალისტი გვყავს ჩართული და მოკლე პერიოდში ბევრი საინტერესო სიახლე გვექნება. ეს ყველაფერი კი საერთაშორისო ასპარეზზე აუცილებლად გამოჩნდება.
საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორებისთვის თუ მოხდა ტექნოლოგიის გაცნობა და როგორია მათი უკუკავშირი?
HumanOS-ის შესახებ სამეცნიერო პუბლიკაციები უკვე განთავსებულია ევროპის წამყვან რეპოზიტორ ბაზებში.
საერთაშორისო პარტნიორებთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ბევრ მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციასთან გვაქვს კომუნიკაცია ამ თემაზე. ჩვენი მიზანია, რომ არა მხოლოდ საქართველოში დავნერგოთ ეს სიახლე, არამედ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ, რომ ქართული სამეცნიერო პოტენციალისა და ტექნოლოგიის ექსპორტი მოხდეს. ვფიქრობთ, ბევრი ქვეყანა და ორგანიზაცია დაინტერესდება ჩვენი პროექტებით. საბოლოოდ, ქართული სამეცნიერო სკოლის განვითარებას ვუწყობთ ხელს. მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ ტექნოლოგიების მიმართულებით საქართველოში მნიშვნელოვანი სიტყვა შეგვიძლია ვთქვათ.
თქვენი აზრით, ვისთვის არის HumanOS ყველაზე მნიშვნელოვანი: ინდივიდუალურად ადამიანის პიროვნული განვითარებისთვის, ფსიქოლოგებისთვის სამუშაო პროცესის გასაუმჯობესებლად თუ კომპანიებისთვის უკეთესი მართვისთვის?
პირველ რიგში, ეს პროდუქტი გათვლილი იქნება ფსიქოლოგებისა და ტრენერებისთვის. HumanOS მათთვის გახდება კარგი ინსტრუმენტი, რომ სხვადასხვა ამოცანა უფრო ეფექტიანად და მოკლე დროში გადაწყვიტონ. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ის სადიაგნოსტიკო ინსტრუმენტი არ არის.
BTU-ს მიერ შემუშავებული HumaoOS სისტემა შესაძლებლობას გვაძლევს სწრაფად და ზუსტად დავინახოთ, თუ რა განაპირობებს ადამიანის ქცევას ამა თუ იმ შემთხვევაში, რა დგას მის არჩევანსა და ემოციურ რეაქციებს მიღმა, როგორ შეიძლება განვითარდეს ისე, რომ სრულად გამოიყენოს საკუთარი შინაგანი რესურსი და ა.შ.
HumanOS და ფსიქო-კოდის თეორია ახალი ეტაპია ფსიქოლოგიის სფეროში. ეს არის ინოვაციური მეთოდი, რომელსაც შეუძლია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ფსიქოთერაპიაში, ორგანიზაციულ მართვაში და ა.შ. თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია, ადამიანის ქცევის შესწავლა და ანალიზი.
ეს ყველაფერი კი ნიშნავს შემდეგს: ადამიანს უჩნდება შესაძლებლობა ტექნოლოგიების გამოყენებით, მოკლე დროში, უკეთ გაიცნოს საკუთარი თავი და გამოიყენოს აღნიშნული ინფორმაცია პიროვნული ზრდისთვის და პროფესიული განვითარებისთვის.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენთვის, როგორც უნივერსიტეტისთვის, პირველ რიგში ეს სამეცნიერო პროდუქტია. თუმცა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ტექნოლოგია ხელმისაწვდომი გახდეს სფეროს სპეციალისტებისთვის.
როგორ წარმოგიდგენიათ HumanOS-ის განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში?
უნივერსიტეტმა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადადგა. როგორც გითხარით, სამომავლოდ კვლევების გაფართოება მოხდება. თუმცა, დღეს დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ტექნოლოგია მუშაობს და ძალიან ეფექურია.
BTU-ში გვინდა, გავაგრძელოთ ქართული ფსიქოლოგიის ის სკოლა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში შენდებოდა და მის განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ.
(R)
