მიხარია, რომ ბათუმი და აჭარა ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და მზარდი საინვესტიციო მიმართულებაა – არჩილ ჩიქოვანი

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი აცხადებს, რომ და აჭარა, ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და მზარდია საინვესტიციო მიმართულებით.
უძრავ ქონებაში ინვესტიციებზე BMG-ის კითხვის საპასუხოდ, მერმა განმარტა, რომ ყოველწლიურად არის ზრდა ამ მიმართულებით.
„ჩვენთვის, ბუნებრივია, ქალაქის განვითარება ნიშნავს როგორც სერვისების გაუმჯობესებას, ასევე ახალი განთავსების ადგილების, ახალი სასტუმრო ობიექტების ექსპლუატაციაში შესვლას. ამავდროულად, სხვადასხვა მიმართულებით, იქნება სავაჭრო სფერო, თუ მომსახურების სეგმენტი, სრულყოფისკენ მივილტვით. აქ ჩართულია როგორც ბათუმის მუნიციპალიტეტი, ისე აჭარის მთავრობა. ცენტრალურ დონეზეც მხარდამჭერი განცხადებები და კონკრეტული ქმედებებია განხორციელებული, მათ შორის საინვესტიციო მიმართულებით და მიხარია, რომ კონკრეტულად ბათუმი და აჭარა, ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ამავდროულად, მზარდი საინვესტიციო მიმართულება არის და რჩება გარკვეული პოტენციალი, რათა განვითარდეს ამ მიმართულებით ჩვენი ქალაქი და ჩვენი რეგიონი.
ბუნებრივია, ყოველწლიურად როგორც უძრავი ქონების ნაწილში, ასევე სხვა მიმართულებითაც არის ზრდა. დაახლოებით 10%-ზე მეტი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ნიშნავს იმას, რომ ამ მიმართულებითაც გვექნება სიახლეები”,- აცხადებს ბათუმის მერი.
რაც შეეხება კონკრეტულ ინვესტიციებს, ის აღნიშნავს, რომ არაერთი მიმდინარე პროექტია.
“რამდენიმე დღის წინ გაიხსნა ახალი სასტუმრო იმ ზოლში, რომელიც მრავალფუნქციური ცენტრის სახით არის წარმოდგენილი, როგორც სასტუმრო განთავსების, ასევე სავაჭრო ცენტრის ნაწილში. ძალიან ბევრი სხვა პროექტია მიმდინარე, რომელთა დასრულებასაც ეტაპობრივად ველით. მათ შორის, საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები, როგორებიცაა InterContinental-ი, Best Western-ი და სხვა“,- განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა, რომელიც ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმს დაესწრო.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა