სანქცირებულმა რუსმა ოლიგარქებმა მიხაილ ფრიდმანმა და პეტრ ავენმა გაყიდეს თავიანთი წილები რუსეთის უმსხვილეს კერძო ბანკში და მის სადაზღვევო კომპანიაში. რუსი მილიარდერები იმედოვნებენ, რომ Alfa-Bank-ის და Alfa-Insurance-ს გაყიდვა მათ ევროკავშირის სანქციების მოხსნაში დაეხმარება. ამის შესახებ Financial Times იტყობინება.
გამოცემის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ფრიდმანმა და ავენმა Alfa-Bank და Alfa-Insurance გადასცეს თავიანთ დიდი ხნის პარტნიორ ანდრეი კოსოგოვს.
2023 წელს გაფორმებული ხელშეკრულება ამ კომპანიებს დაახლოებით 240 მილიარდ რუბლად (2,5 მილიარდი დოლარი) აფასებდა. ოლიგარქები ფლობდნენ ბანკის აქციების 45%-ს და სადაზღვევო კომპანიის 42%-ს.
კოსოგოვი, რომელიც არ ექვემდებარება სანქციებს, გამოვიდა ჩრდილიდან და გახდა Alfa-Bank-ისა და LetterOne ჰოლდინგის უმსხვილესი აქციონერი მისი სანქცირებული პარტნიორების აქციების შეძენის შემდეგ.
ოლიგარქები იმედოვნებენ, რომ ბანკისა და სადაზღვევო კომპანიის გაყიდვა მათ დაეხმარება გაასაჩივრონ ევროკავშირის სანქციები, რომლებიც დაწესდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/tamar-tandashvili_w_h-300x169.jpeg)