ვიცი, მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი ელოდება, რომ ისე დავიღლებით და გამოვიფიტებით, ისეთი დაკავებულები ვიქნებით, რომ მზად ვიქნებით დავუბრუნდეთ იმ პროცესებს, რომელიც წარსულში იყო. გარწმუნებთ, რომ ჩვენ არ დავუბრუნდებით წარსულის პროცესებს! – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ის და მისი კოლეგები საქართველოში მოვლენათა განვითარებას ძალიან ყურადღებით დააკვირდებიან.
„სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები გახლავთ ყველაფრისთვის წინაპირობა. რასაც ჩვენ მმართველი პარტიიდან ველით, რასაც ევროკავშირი საქართველოსგან ელის, გახლავთ ის, რომ გაიწვიონ არამხოლოდ ე.წ. რუსული კანონი, არამხოლოდ ე.წ. ანტი ლგბტ კანონი, არამედ გაიწვიონ ოფშორების შესახებ კანონი და ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება. ეს არის ჩვენი და ევროკავშირის ლიდერის მოლოდინი.
ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული ინსტრუმენტი გახლავთ გაფართოება. როცა საკითხი გაფართოებას ეხება, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ. ჩვენ გაგვაჩნია ძლიერი ინსტრუმენტები და ჩვენ ვერ გავაგრძელებთ ამ გზას საქართველოში ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე. ვიცი, მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი ელოდება, რომ ისე დავიღლებით და გამოვიფიტებით, ისეთი დაკავებულები ვიქნებით, რომ მზად ვიქნებით დავუბრუნდეთ იმ პროცესებს, რომელიც წარსულში იყო. გარწმუნებთ, რომ ჩვენ არ დავუბრუნდებით წარსულის პროცესებს. ჩვენ თქვენს ქვეყანაში მოვლენათა განვითარებას ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით. თქვენი პრეზიდენტი არის ძალიან გამბედავი ქალბატონი, იგი მხარს უჭერს ყველაფერს, რითაც შეიძლება საქართველო ამაყობდეს. მხარს უჭერს თავისუფლებას, დემოკრატიას, ღირსებას, რაც მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მიხაილ როთმა.