მიხაილ როთი: თუ არჩევნებს არ გამოიძიებთ, მოვითხოვთ სანქციებს, განვიხილავთ უვიზოს შეწყვეტას

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ორბელიანების სასახლეში პრესკონფერენციაზე არჩევნებზე არსებულ დარღვევებსა და დამოუკიდებელი გამოძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მან თქვა, რომ “სანამ ნათელი არ მოეფინება ამ არჩევნებს, ევროკავშირი ვერ აღიარებს მის ლეგიტიმურობას”. მისივე თქმით, თუ განცხადებები გაყალბების შესახებ არ იქნება დამოუკიდებლად გამოძიებული, მოითხოვენ პერსონალურ სანქციებს მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ამომრჩეველთა მანიპულაციასა და დაშინებაზე.
ასევე, მან ისაუბრა ვიზალიბერალიზაციაზეც და აღნიშნა, რომ “ეს გახლავთ სერიოზული სიტუაცია და ყველა ინსტრუმენტი დაიდება მაგიდაზე”.
“ჩვენ ვიმყოფებით აქ იმიტომ, რომ ძალიან შეშფოთებულები ვართ უკანასკნელი ს თვალსაზრისით და საქართველოს ხელისუფლების არსებული ანტიდემოკრატიული პოლიტიკით. ბოლო დროის არჩევნები საქართველოში არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. უმრავლესობა საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის საიდუმლოება არ იყო უზრუნველყოფილი, მიდიოდა ფართოდ გავრცელებული ამომრჩეველთა მოსყიდვა, ამომრჩევლის დაშინება. მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა ძირი გამოუთხარეს დემოკრატიას, რამაც დიდი კითხვები დასვა არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, რაც განაცხადა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ.
ჩვენ მხარს ვუჭერთ საფრანგეთის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერისა და პოლონეთის პრემიერის მოწოდებას, რომ მოხდეს ამ სერიოზული განაცხადების გამოძიება. ევროპული საბჭო, ეუთო და სხვა ორგანიზაციები უნდა ჩაერიონ. სანამ ნათელი არ მოეფინება ამ არჩევნებს, ევროკავშირი ვერ აღიარებს არჩევნებს, როგორც ლეგიტიმურს. თუ ეს განცხადებები დამოუკიდებლად არ იქნება გამოძიებული, ჩვენ მოვითხოვთ ინდივიდუალურ სანქციებს იმათ მიმართ, ვინც პასუხს აგებს ამომრჩეველთა მანიპულაციაზე, ამომრჩეველთა დაშინებაზე. დემოკრატია და ანგარიშვალდებულება ხელიხელ ჩაკიდებული უნდა მიდიოდეს და ის, ვინც ძირს უთხრის ამ პრინციპებს, ფასი უნდა გადაიხადოს.
ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა ინსტრუმენტი, ასევე უვიზო რეჟიმის შეწყვეტაც, რაც არის ყველაზე დიდი მიღწევა არა მხოლოდ თქვენთვის, ჩვენთვისაც, მაგრამ საბოლოოდ, ეს გახლავთ სერიოზული სიტუაცია და ჩვენ ყველა ინსტრუმენტი უნდა დავდოთ მაგიდაზე, რომელიც გაგვაჩნია. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით”, – თქვა მიხაილ როთმა.