მიხაილ როთი აქციის მონაწილეებს – არ დანებდეთ, ძვირფასო მეგობრებო! – ჩვენ, ყველანი ისტორიის ერთ ფურცელზე ვიმყოფებით, თუ თქვენ გაიმარჯვებთ, ჩვენც გავიმარჯვებთ, თუ თქვენ გადარჩებით, ევროკავშირიც გადარჩება

გლობალური ომის პარტია ა, რუსული იმპერიალიზმია , – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა თბილისში, საპროტესტო აქციაზე – „ჩვენ ვართ ევროპა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან მოუწოდა ქართველებს, არ დანებდნენ.
„ჩვენი სურვილია მხარი დაგიჭიროთ. ქართველი მეგობრებისგან ვიცი, რომ დაღლილები ხართ, მაგრამ არ დანებდეთ ძვირფასო მეგობრები. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. მე სრულიად ვეთანხმები მმართველ პარტიას, რომელიც აკრიტიკებს გლობალურ ომის პარტიას, დიახ, ასეთი გლობალური ომის პარტია არსებობს და ეს გლობალური ომის პარტია საფრთხეს მხოლოდ თქვენთვის არ წარმოადგენს. ეს გლობალური ომის პარტია საფრთხეს წარმოადგენს გერმანიისთვის, საფრანგეთისთვის, ესპანეთისთვის, იტალიისთვის, საბერძნეთისთვის, რუმინეთისთვის, ბულგარეთისთვის. გლობალური ომის პარტია რუსეთია, რუსული იმპერიალიზმია“, – განაცხადა მიხაილ როთმა.
მისივე თქმით, „თუ უკრაინელი მეგობრები ვერ გაიმარჯვებენ, შემდეგი თქვენ იქნებით, შემდეგი მოლდოვა იქნება, სომხეთი იქნება შემდეგი“.
„ჩვენ ყველანი ისტორიის ერთ ფურცელზე ვიმყოფებით და თქვენ ჩვენს გვერდით ხართ. თუ თქვენ გაიმარჯვებთ, ჩვენც გავიმარჯვებთ. თუ თქვენ გადარჩებით, ევროკავშირიც გადარჩება. აქ სწორედ ამიტომ ვართ“, – აღნიშნა მიხაილ როთმა.